“საქართველოს მთავრობამ, ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით, რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა”

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

საქართველოს მთავრობამ, ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით, რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა , ინტერპოლის მიერ იუსტიციის ყოფილ მინისტრზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, ინტერპოლმა თავის დროზე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მასალა გაიზიარა და თუ ახლა “რაიმე ახალი პოლიტიკა” აქვს, შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განცხადებას.
“თუ ინტერპოლს აქვს რაიმე ახალი პოლიტიკა და ეს მათი გადაწყვეტილებაა, ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მეთაურის პოზიცია რატომ უნდა იყოს საინტერესო? ჩვენმა მთავრობამ რაც გასაკეთებელი იყო ყველაფერი გააკეთა – ადეიშვილიც მივეცით პასუხისგებაში და ყველა ის დამნაშავეც, რომელმაც წლების განმავლობაში შექმნეს დანაშაულებრივი სისტემა. ციხეში სხედან მერაბიშვილიც, ახალაიაც და სხვებიც, რომლებმაც წლების განმავლობში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას დიდი სირთულეები შეუქმნეს. ასე რომ, თუ ინტერპოლის პოლიტიკა არის შეცვლილი, ეს მათი საქმეა. ამაზე შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განცხადებას”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა აბსურდული უწოდა კითხვას, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ მთავარი პროკურატურის მიერ ინტერპოლისთვის ადეიშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაგზავნილი მასალები არასაკმარისად არგუმენტირებული ყოფილიყო.
“ეს რომ ყოფილიყო არასაკმარისად არგუმენტირებული, ინტერპოლი არ ჩასვამდა ადეიშვილს წითელ ცირკულარში. აქედან გამომდინარე, აბსურდულია შეკითხვა, ხომ არ იყო მასალები ნაკლებად არგუმენტირებული – რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ ინტერპოლმა თავის დროზე გაიზიარა ყველა ის მასალა, რომელიც გადაუგზავნა პროკურატურამ. სწორედ ამის საფუძველზე გამოცხადდა მასზე წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა”, – განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: ძებნის პროცედურიდან ამოღება არ ნიშნავს, რომ ადეიშვილს ბრალეულობა მოეხსნა
შემდეგი სტატია“ხელფასს მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაში იღებენ” – გია ვოლკსი საერთაშორისო ექსპერტებზე