საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მოლდოველი კოლეგა მიიღო

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას თავდაცვის მინისტრი ანატოლი სალარუ სტუმრობს. უცხოელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა უწყებაში უმასპინძლა.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა შეხვედრა გამართეს. თინა ხიდაშელმა კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებს. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო განათლების კუთხით სამომავლო ურთიერთობაზე და სხვადასხვა მიმართლებით გამოცდილების გაზიარებაზე გამახვილდა. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მოლდოველი სამხედრო მოსამსახურეების საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში წვრთნების გავლა შესთავაზა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყნების ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფება იყო. როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების იმპლემენტაცია საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ალიანსთან თავსებადობის გაზრდასა და რეგიონულ სტაბილურობას ისახავს მიზნად.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრებმა მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართეს.

„ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა ყველა იმ გამოწვევის შესახებ, რომელიც ჩვენი სახელმწიფოების წინაშე დგას. ეს პრობლემები და გამოწვევები ერთმანეთისგან ძალიან არ განსხვავდება. მოლდოვაში, ისევე როგორც საქართველოში, ოკუპაციის პრობლემაა. მოლდოვა, ისევე როგორც საქართველო, საკუთარი ევროპული არჩევანის გასამყარებლად და უზრუნველსაყოფად იბრძვის. შევეხეთ სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსაც. საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით მათი ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე საკუთარი გამოცდილება
გაუზიაროს მოლდოვას შეიარაღებულ ძალებს, თავდაცვის სამინისტროს როგორც სამხედრო, ასევე სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის საქმეში,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ანატოლი სალარუმ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საერთო გამოწვევების შესახებ გაამახვილა ყურადღება.

„20 წლის შემდეგ ორმხრივ თანამშრომლობას ვანახლებთ. 2014 წელს საქართველოში ჩვენი მხრიდან ოფიციალური ვიზიტი განხორციელდა, რის შემდეგაც თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავიდა. ჩვენი ქვეყნები ევრო-ატლანტიკურ ოჯახში გასაწევრიანებლად მიისწრაფვიან. ამ მიზნის მისაღწევად ორივე ქვეყანას ძლიერი თავდაცვის უწყება, ძლიერი შეიარაღებული ძალები ესაჭიროება, რათა იმ გამოწვევებს ვუპასუხოთ, რომელიც ჩვენი ევროპული გზის თვალსაზრისით გვხვდება. ჩვენ ბევრის შეძენა შეგვიძლია ქართული მხარისგან, რადგან თქვენ ერთი ნაბიჯით წინ ხართ ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით და შესაბამისად, თქვენი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. დაგეგმილი გვაქვს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების გამოგზავნა საქართველოში ნატოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრში გამოცდილების მისაღებად. მოლდოველი ექსპერტებიც ჩამოვლენ საქართველოში, რათა თქვენ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები შეისწავლონ. ჩვენ იგივე საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორც საქართველო. ეს საფრთხეები, საიდანაც მოდის, ყველამ კარგად ვიცით. შესაბამისად, ჩვენც იგივე კონტექტში გვიწევს მუშაობა“, – განაცხადა ანატოლი სალარუმ.

ბრიგინგის ბოლოს, ანატოლი სალარუმ ქართველი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით მოლდოვაში მიიწვია.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ანატოლი სალარუ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია მოლდოვას თავდაცვის მინისტრის სტუმრობა ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისშიც“.

banner
წინა სტატიაში“რ2”-ის ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
შემდეგი სტატიაუკრაინის ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს