საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და უგულავას მხარდამჭერები ამ დრომდე რჩებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, გიგი უგულავას მხარდამჭერები და მეგობრები ამ დრომდე რჩებიან.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს განცხადება და შეკრებილებს მოუწოდეს დარჩნენ სასამართლოში მანამ, სანამ განაჩენი გამოცხადდება. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, განაჩენის შემდეგ ისინი აპირებენ მიმართონ ბიძინა ივანიშვილს. ბოკერიას განცხადებით, განაჩენის გამოცხადების შემდეგ ცნობილი გახდება მათი სამოქმედო გეგმა.

“მოსამართლეზე ზეწოლა არის გაასმაგებული, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მოსამართლეს მოუვიდა ავარია, რომლის შედეგადაც დაიღუპა ადამიანი და იგი გამოჭერილი ჰყავთ. მიუხედავად ამისა ბრძოლა გრძელდება. გუშინ ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება და ამის შემდეგ 9-თვიანი ვადის მიღმა არც ერთ ბრალდებულს აღარ მოუწევს ციხეში ყოფნა. ივანიშვილი თავის მიზანს ვერ მიაღწევს. ჩვენ განაჩენის გამოცხადების შემდეგ მივამართავთ მას. ამ ადამიანმა სამი წლის განმავლობაში ჩიხში შეიყვანა ქვეყანა და ეს დასრულდება მშვიდობიანი გზით. ჩვენი მოთმინება ამოწურულია და მოქმედებას ვიწყებთ დღეიდან. გთხოვთ, დარჩეთ სასამართლოში, როდესაც გამოცხადდება განაჩენი, ამის შემდეგ გამოვაცხადებთ გეგმას”, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

სასამართლოსთან შეკრებილებს გაესაუბრა გიგი უგულავაც. ჟურნალისტებტან საუბრისას კი აღნიშნა, რომ ცოტა ხნით წავა და განაჩენის გამოცხადებისთვის დაბრუნდება სასამართლოში.

“ცოტა ხნით წავალ, მოვინახულებ შვილებს, მშობლებს, რის შემდეგაც მოვემზადები და დავბრუნდები. გემშვიდობებით”, – მიმართა გიგი უგულავამ შეკრებილებს და სასამართლოს ეზო მეუღლესთან და შვილთან ერთად დატოვა.

საქალაქო სასამართლოს ეზოში პოლიციაა მობილიზებული. ამ დრომდე ადგილზე რჩებიან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და გიგი უგულავას სხვა გულშემატკივრები.

banner
წინა სტატიაშისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის პოსტზე კოტე სულამანიძეს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიარით არის გაოცებული ამერიკის ახალი ელჩი საქართველოში