სატყეო სააგენტო სოფლელებს ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობს…

ტელევიზიის მეშვეობით, ხელისუფლება და ეროვნული სატყეო სააგენტო  დიდი ხანია აფრთხილებს სოფლის მოსახლეობას, რომ მათ ზამთრისთვის დროულად მოიმარაგონ შეშა… თუმცა თავად სატყეო სააგენტო და გარემოს დაცვის სამინისტრო, თურმე ისეთი კანონებითა და პარამეტრებით ხელმძღვანელობენ, რომ საქართველოს მრავალ სოფელში მოსახლეობა მომავალ ზამთარს შესაძლებელი შეშისა და გათბობის გარეშე დარჩეს, რაც გაძვირებული ელექტროენერგიითა და სხვა მრავალი პრობლემით გაწამებულ ადამიანებს უკიდურესად დაძაბავს და ხელისუფლების საწინააღმეგოდ განაწყობს… ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ უფრო ყურადღებით უნდა მოუსმინოს სოფელში მცხოვრები მოსახლეობის აზრს და გაუაზრებელი პარამეტრების გამოყენების ნაცვლად რეალობას შეხედოს თვალებში… განსაკუთრებით კი ისეთ სოფლებში, რომელთა გაზიფიცირება ჯერაც არ მომხდარა და აქედან გამომდინარე, შეშისა და გათბობის პრობლემა დღეის მდგომარეობით ძალიან მწვავედ დგას.
ყოველივე ზემოთქმულის დასადასტურებელად შეგვიძლია ერთ-ერთ სოფელში არსებული სიტუაცია მოვიყვანოთ, სადაც ტყე იმდენია, რომ თითო ოჯახზე თითქმის 10 ჰექტრამდე მოდის…
სენაკის რაიონის სოფელი ეკი, რომელშიც სულ რაღაც 250-მდე კომლი ცხოვრობს, 4000-მდე ჰექტარზეა გადაჭიმული და აქედან თითქმის ნახევარი ტყეს უჭირავს… ეკის ტყე ცნობილია იმითაც, რომ აქ ძველ დროში აბრაგების თავშესაფარი იყო და უახლოესი ისტორიის პერიოდშიც, ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხებულებიც წლების განმავლობაში ამ ტყეებს აფარებდნენ თავს… თუმცა გარემოს დაცვის სატყეო სააგენტოს ,,ბედოვლათობით,, ამ სოფლის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ზამთრისთვის შეშა დღემდე ვერ მოუმარაგებია… რამდენიმე მაცხოვრებელი, რომელმაც შეშა – გაბედა და მოჭრა, 1000 ლარიანი ჯარიმით გაასამართლეს… გაურკვევლობაში მყოფმა აღშფოთებულმა მოსახლეობამ სოფლის გამგებელს სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა და ტყე-კაფის გამოყოფა მოსთხოვა.
შეხვედრაზე, რომელიც სოფლის ცენტრში ორიოდე დღის უკან შედგა, შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობასთან მისულმა სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტყე-კაფის გამოსაყოფად მოსახლეობას მათთვის უნდა ეჩვენებინა ტყის ისეთი ნაწილი, სადაც მხოლოდ მოსაჭრელად განკუთვნილი ხის ჯიშები იქნებოდა, რომელთა დიამეტრი არანაკლებ 40 სანტიმეტრს შეადგენს, მინიმუმ 100 კუბური მეტრის ოდენობით… თან, ტყის ეს ტეროტორია უნდა ყოფილიყო ერთი მთლიანი მასივი და გასაკაფი ტერიტორია ერთმანეთისაგან გამოყოფილი არ უნდა ყოფილიყო, რადგან სააგენტოს წარმომადგენლის მამუკა გადელიას განცხადებით, სხვანაირად მას კანონი ტყე-კაფის გამოყოფას უკრძალავდა… შეკრებილმა მოსახლეობამ მგავსი პარამეტრებით ტყე-კაფის გამოყოფა გააპროტესტა და განაცხადეს, რომ მსგავსი მასივები, (ტყის უწყვეტი ნაწილები) სოფელში თითქმის არაა დარჩენილი და თუ არის ისიც ისეთ მიუვალ ადგილებში, სადაც არა თუ ტექნიკით, ხარ-ურემითაც კი შეუძლებელია შეშის გამოტანა.
-შეხვედრაზე მისულმა მაცხოვრებლებმა სატყეოს წარმომადგენლებს დაუსვეს ერთი ლოგიკური შეკითხვა: რა უნდა ექნა მოსახლეობას ზამთარში, თუ ისინი მათ მიერ წლობით ნაწყემს-ნადარაჯები ტყეებში მსგავსი პარამეტრების გამო შეშას ვერ მოჭრიდნენ?
– სატყეო სააგენტოს წარმომადგენელმა მამუკა გადელიამ შექმნილი სიტუაცია ხელისუფლების მიერ მიღებულ გაუაზრებელ კანონებს გადააბრალა და განცხადა… ,,თუ არ მოგწონთ ეს სიტუაცია სამინისტროს მიწერეთ და იქედან მიიღებთ პასუხს… მე რაც კანონში მიწერია მხოლოდ ის მაინტერესებს და მას ვიცავ… თქვენ სად იშოვით შეშას ეს თქვენი პრობლემაა… მე აქ იმისთვის ვარ, რომ კანონი დავიცვა და თუ უკანონოდ მოჭრით შეშას, მზად ვარ დაგაჯარიმოთ,, ამ პასუხმა მოსახლეობა კიდევ უფრო აღაშფოთა და გადაწყვიტეს უახლოეს ხანებში საპროტესტო შეკრება მოაწყონ, საიდანაც მთავრობისადმი მიმართვას გააგზავნიან…
,,მსგავსი რამ არცერთი ხელისუფლების დროს არ მომხდარა,, … ,,თუ ესენი არჩევნების წინაპერიოდში ასე იქცევიან… არჩევნები რომ მოიგონ უარესს იზამენ,, … ,,ამ ხელისუფლებას, ჩვენ ზამთარში გავიყინებით თუ არა სულ არ ადარდებს,, ,,ამ ზამთარს როგორმე გადავიტანთ და მომავალ ზამთარს ახალი ხელისუფლება გვეყოლება,, … მსგავსი ეპითეტებით გაისტუმრეს სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები სოფლელებმა, რომლებსაც დღემდე ვერ გაურკვევიათ თუ როგორ უნდა გათბენ ცივ ზამთარში.
,,თაიმერის,, ინფორმაციით მსგავსი სიტუაციაა მიმდებრე სოფლებშიც, რაც სოფლის მოსახლეობის გარდა პრობლემის წინაშე აყენებს ქალაქის მოსახლეობის იმ ნაწილსაც, რომელსაც დღემდე სახლში გაზი არააქვს შეყვანილი და სოფლიდან ჩატანილი შეშის იმედზე არიან ცივი ზამთრის მოლოდინში.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

/ფოტოები: სოფელ ეკის ხედები/

eki-1

eki-2

eki-3

 

eki-5

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო: აშშ ახალი ტიპის იარაღით მოგვამარაგებს…
შემდეგი სტატიაისლამისტებმა 2000 წლოვანი პალმირას ტრიუმფალური თაღი დაანგრიეს…