სასამართლომ ექსპერტ ჩაჩუას მიმართ გამოტანილ განაჩენზე განცხადება გაავრცელა

თბილისის საქალაქო სასამართლო ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიმართ გამამართლებელი გამოჩანის გამოტანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სასამართლოში აღნიშნავენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმის არსებითი განხილვისას, საქმეში წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ბრალდებული ლევან ჩაჩუა უდანაშაულოდ სცნო. “ლევან ჩაჩუას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. საქმე ეხება 2005 წლის 03 თებერვალს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას და ექსპერტის დასკვნის გაცემას. კერძოდ, მას ბრალი ედებოდა იმაში, რომ ზემოხსენებული ექსპერტიზის ჩატარებისას არ განახორციელა გამოსაკვლევი ობიექტის სრული და დეტალური დათვალიერება-აღწერა და რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში სრულყოფილად და ობიექტურად არ ასახა გვამების დათვალიერებისას სხეულზე არსებული გამოსაკვლევი საეჭვო კონკრეტული უბნები, რითაც ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური და ყოველმხრივი გამოძიების ჩატარებას და არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა ლევან ჩაჩუამ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 20 სასამართლო სხდომა. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ბრალდების 24 და დაცვის 6 მოწმე, მათგან თავად ბრალდებული”, – ნათქვამია განცხადებაში. საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

banner
წინა სტატიაშილადო სადღობელაშვილი არის სუსის ნომრიანი აგენტი
შემდეგი სტატია“ჩემ პირად ცხოვრებას ეხებიან” – ასე გამოეხმაურა ლადო სადღობელაშვილი სკანდალურ აუდიოჩანაწერს