სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით აქციები დაიწყო

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა იწყებს აქციებს საქართველოს იმ რაიონებისა და სოფლების მოსახლეობისთვის, ვისთვისაც სანოტარო სერვისები ნაკლებად ხელმისაწვდომია.

პალატის წარმომადგენლები პერიოდულად ჩავლენ ასეთ რაიონებში, ადგილობრივ მცხოვრებლებს სამართლებრივ კონსულტაციას გაუწევენ და რიგ სანოტარო მოქმედებებსაც (მინდობილობის გაცემა, განცხადების მიღება, დოკუმენტის ასლის დამოწმება…) შეასრულებენ.

პირველი შეხვედრა წეროვანში დევნილ მოსახლეობასთან მოეწყო. წეროვანში მცხოვრებლებს სანოტარო სერვისების მისაღებად მცხეთაში წასვლა უწევთ. მათ ნოტარიუსთა პალატის ინიციატივა მოიწონეს და აღნიშნეს, რომ სანოტარო მომსახურების ადგილზე მიღება ძალიან კომფორტულია. ამასთან, სოფლის მცხოვრებლებმა ამომწურავი კონსულტაციები მიიღეს მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილიც დაესწრო.

ბოლო წლებში სანოტარო მომსახურება რაიონების მოსახლეობისთვის ბევრად ხელმისაწვდომი გახდა.

2014 წლის ნოემბრამდე საქართველოში საკმაოდ ბევრი რაიონი იყო დარჩენილი ნოტარიუსის გარეშე. ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში სანოტარო მომსახურების მისაღებად მეზობელ რაიონებში უწევდა წასვლა. ეს კი დამატებით ხარჯთან იყო დაკავშირებული.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ნოტარიუსები ეტაპობრივად დაინიშნენ ისეთ რაიონებში, სადაც სანოტარო ბიუროები არ მოქმედებდა, ასევე, იმ ქალაქებსა და რაიონებშიც, სადაც ნოტარიუსთა რაოდენობა საკმარისი არ იყო.

2015 წლის თებერვლიდან რაიონების მოსახლეობას სანოტარო სერვისების მიღება საზოგადოებრივ ცენტრებშიც შეუძლია. იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, სანოტარო მომსახურებას მოსახლეობა უკვე სამ საზოგდოებრივ ცენტრში (სოფელ ყვარელწყალში (ახმეტის რაიონი), მეჯვრისხევსა (გორის რაიონი) და მუხაესტატეში (ქობულეთის რაიონი)) იღებს.

უახლოეს მომავალში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქისთვის სანოტარო სერვისები თანაბრად ხელმსიაწვდომი იქნება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელი ნაციონალისტები არმიას დაუმორჩილებლობას უცხადებენ
შემდეგი სტატიაევერესტზე 65 ალპინისტი დაიღუპა