საინფორმაციო კამპანიას “დაიცავი თავისუფლება” იწყება

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები ერთობლივ საინფორმაციო კამპანიას “დაიცავი თავისუფლება” იწყებენ. კამპანიის მიზნების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო “რუმს ჰოტელში” გაიმართა.
კამპანიის ორგანიზატორების განცხადებით, საქართველოში რუსული ნარატივის მხარდაჭერა იზრდება. ასევე, გაზრდილია პრორუსული და რეაქციული პოლიტიკოსების მხარდაჭერა და მაღალია ალბათობა, რომ ეს ძალები 2016 წლის არჩევნებზე ბარიერს გადალახავენ. სწორედ ამიტომ აქციის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ საჭირო იქნება იმ მითების გაფანტვა, თითქოს დასავლეთი ქართულ იდენტობას და ტრადიციას ასუსტებს, იმის ილუსტრირება, თუ რა ხელშესახები შედეგი ექნება ევროინტეგრაციას ქართული საზოგადოებისთვის, ამ მიზნით ისინი მოსახლეობასთან, მათ შორის რეგიონებში ინტენსიურ შეხვედრებს გამართავენ.
როგორც “ინტერპრესნიუსს” Georgian Review-ის დამფუძნებელმა ირაკლი ტაბლიაშვილმა განუცხადა, იმედოვნებს, რომ კამპანია ეფექტური იქნება. თუმცა აცხადებს, რომ დამოკიდებული იქნება იმ ადამიანებზე, ვინც კამპანიაში ჩაერთვება.
“იმედი მაქვს, ეს იქნება საკმაოდ ეფექტური კამპანია, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულიდან პირველად დგას ამგვარი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. ამდენად, ვფიქრობ, ყველა განსხვავება, რომელიც ჩვენს შორის ამ კამპანიაში ჩართულ პირებს შორის არსებობს, ამჯერად უკვე მეორეხარისხოვანია, რადგან ჩვენ ნებისმიერი დემოკრატიის ფორმაზე, სხვადასხვა საკითხებსა თუ კანონებზე შეგვიძლია დაუსრულებლად ვიკამათოთ, მაგრამ მთავარში ვიყოთ ერთიანები და ამ მთავარს ჰქვია სწორედ საქართველოს შეძლებისდაგვარად დაცვა იმ საფრთხეებისგან, რომელიც რუსეთისგან ახლა უკვე უხეში და რბილი ძალის სინთეზით უახლოვდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბევრ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოსაც. ჩვენთვის, როგორც მყიფე უსაფრთხოების სისტემის მქონე ქვეყნისთვის, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა. აქ ვგულისხმობ როგორც ანგაჟირებულ მედიას, რომლებიც პირდაპირ იკვებებიან რუსეთიდან, ისე ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცნობილ სახეებს, რომლებიც ჩვენს მიერ 2008 წელს პლებისციტის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას ერთგვარი საფრთხის ქვეშ აყენებენ”, – განაცხადა ტაბლიაშვილმა.
მისივე თქმით, კამპანიის ფარგლებში რეგიონებში გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ პრორუსული ორგანიზაციები, რომლებსაც ულევი ფული და რესურსი გააჩნიათ, გადიან რეგიონებში და ცდილობენ გავლენა მოახდინონ ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც ერთგვარ ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.
რაც შეეხება იმას, თუ რა ფინანსებით აპირებენ აღნიშნული კამპანიის განხორციელებას პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციები, ტაბლიაშვილი აცხადებს, რომ ეს არის საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული კამპანია, რომელიც დამოკიდებული იქნება შემოწირულობებზე და ადამიანების კეთილ ნებაზე.
პრეზენტაციას სასტუმრო “რუმსში” ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, მიედიისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კამპანიის “დაიცავი თავისუფლება” ფარგლებში შემდეგი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს თითოეულ რეგიონში შედგება სამდღიანი ვიზიტები და ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა შეხვდეს და გაესაუბროს საზოგადოების გამოჩენილ წარმომადგენლებს და მათთან ერთად განიხილოს ის პრობლემები, რასაც აწყდება და მოისმინოს ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტები საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის სასარგებლოდ.
რაც შეეხება პოლიტიკოსების ჩართვას აღნიშნულ კამპანიაში, ორგანიზატორების თქმით, ეს არ იგეგმება.
პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციები არიან: ტაბულა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი ((GFSIS), Georgian Review, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ფონდი ALPE, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ფორმულა კრეატივი, თავისუფლების ინსტიტუტი, Altervision Group, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS).

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
შემდეგი სტატიაპროკურატურა ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს კითხავდა