საია მიმდინარე შუალედური არჩევნების დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს

საია მიმდინარე შუალედური არჩევნების დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს

მარტვილში ამ დრომდე არ დაწერილა არცერთი საჩივარისაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მარტვილსა და საგარეჯოში მაჟორიტარული სისტემით მიმდინარე შუალედური არჩევნების დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს 11:00 საათისთვის.

დილის 11:00 საათისთვის, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია გახსნის პროცედურებს აკვირდებოდა, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად.

„უმეტეს შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები, რეაგირებენ საიას დამკვირებლების შენიშვნებზე, რის გამოც საიას წარმომადგენლები საჩივრებს აღარ წერენ.

„ამ დროისათვის საიას დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

საარჩევნო კომისიის წევრის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეული/არაჯეროვანი შესრულება

ქაოსი იყო საგარეჯოს N5 საარჩევნო უბანზე, სადაც „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ედავებოდნენ კომისიის თავმჯდომარეს, რომ მან დამალა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენის ერთი შეკვრა და თავდაპირველად უბანზე არსებული 13 შეკვრის ნაცვლად, მხოლოდ 12 შეკვრა წარმოადგინა უბანზე, რასაც კომისიის თავმჯდომარე უარყოფდა.

საიას მობილური ჯგუფის დამკვირვებელმა გადაამოწმა როგორც მიღება-ჩაბარების აქტი, ასევე პირადად დათვალა უბანზე არსებული ბიულეტენის ყველა შეკვრა. აღმოჩნდა, რომ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ბიულეტენის ერთ-ერთი შეკვრა ნომრით 0075 რეალურად არ იყო უბანზე არსებულ შეკვრებს შორის. მოგვიანებით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დემონსტრაციულად გამოიტანა ბიულეტენების შეკვრები და უბანზე მყოფ პირთა თანდასწრებით ხელახლა გადათვალა. ამჯერად აღმოჩნდა ბიულეტენის 13 შეკვრა. მათ შორის იყო ბიულეტენის სადავო შეკვრა ნომრით 0075. გაირკვა, რომ კომისიის თავმჯდომარემ მხოლოდ მას შემდეგ გამოაჩინა ბიულეტენის სადავო შეკვრა, რაც საიას დამკვირვებელიც დაინტერესდა აღნიშნული ფაქტით. მიგვაჩნია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან ადგილი აქვს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებასთან.

საგარეჯოს N36 უბანზე ამომრჩეველს არ აძლევდნენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას იმ არგუმენტით, რომ სიაში მისი სახელის გასწვრივ მითითებული იყო „იმყოფება უცხოეთში.“ საიას დამკვირვებლის ჩარევის შედეგად ამომრჩეველმა შეძლო კენჭისყრაში მონაწილეობა.

არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა უბანზე

ამ წუთისთვის შუალედური საპარლამენტო არჩევნები მარტვილში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

მარტვილის N37და N22 საარჩევნო უბნებზე არასამთავრობო ორგანიზაციიდან „ახალი სიტყვა“ ერთდროულად იმყოფებოდნენ ორ-ორი დამკვირვებლები. საიას დამკვირვებლების მითითების შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა ორივე უბანზე, ერთ-ერთ მათგანს დაატოვებინეს საარჩევნო უბნები. მარტვილის N37 უბანზე მყოფმა დამკვირვებელმა არასამთავრობო ორგანიზაციდან „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ დაადასტურა, რომ ის წარმოადგენდა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება“ დამკვირვებელს.

მარტვილის N11, N37 და საგარეჯოს N34, N11 უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პირები, რომლებიც აწარმოებენ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას. განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს, რაც პრობლემაა. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს, რომ დღის წესრიგში კვლავ დგას ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა, რაც საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრას.

საარჩევნო უბნის აღჭურვასთან დაკავშირებული ხარვეზები

მარტვილის N13 უბანზე საარჩევნო ყუთი არ იყო სათანადო წესით დალუქული. საიას დამკვირვებლის მოთხოვნის შედეგად, საოლქო საარჩევნო კომისიიდან გაგზავნილ იქნა ახალი ლუქი.

მარტვილის N31 უბანზე არ მუშაობდა მარკირების შემოწმებისათვის განკუთვნილი სპეციალური ხელსაწყო და მოხდა მისი შეცვლა ახლით. სპეციალური ხელსაწყო არ მუშაობდა ასევე მარტვილის N15 სარჩევნო უბანზე, რის გამოც აუცილებელი გახდა ამ უბანზე კვების ბლოკის ე.წ „ბატარეის“ შეცვლა.

ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა 4 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.

დამატებითი ინფორმაცია

საიას ოცამდე დამკვირვებელი კენჭისყრის დღის დაკვირვებას ახორციელებს როგორც სტატიკურად, ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით. ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება მიმართულია წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ უბნებზე“, – აცხადებენ ასოციაციაში.

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციას საია დღის ბოლოს შეაჯამებს.

banner
წინა სტატიაშითამარ ხიდაშელი: არსებით უპირატესობას ვფლობთ
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი:დღეს ჩვენი მეგობრობის სიმბოლოს რესტავრაცია დასრულდა