საზღვარზე ვიზის აღების პრაქტიკა არ აღდგება

საზღვარზე ვიზის აღების პრაქტიკა არ აღდგება

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საზღვარზე ვიზის აღების პრაქტიკა არ აღდგება, თუკი ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპული სივრცის ნაწილი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ევროკავშირის მოთხოვნაც იყო და ამის შესახებ ძალიან ბევრმა ევროპელმა ექსპერტმა გასცა რეკომენდაცია. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საზღვარზე შეუძლებელია პიროვნების სრულყოფილად შემოწმება.
“ამიტომ ეს ვერ აღდგება, თუკი ჩვენ გვინდა, რომ გავხდეთ უვიზო მიმოსვლის სივრცის ნაწილი ევროპასთან. რაც შეეხება საიმიგრაციო პოლიტიკას, ამ პოლიტიკის შემმუშავებელი არის მიგრაციის სამთავრობო კომისია და სამი წამყვანი უწყება, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო”, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს მიგრაციის ნაკადებს და საზღვრებს, საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია ვიზებზე, ხოლო იუსტიციის სამინისტრო პასუხისმგებელია ბინადრობებზე და მოქალაქეობაზე.
“მიგრაციის პოლიტიკა ჩვენ შევიმუშავეთ ძალიან პროფესიონალ, ძალიან მომთხოვნ, ძალიან მკაცრ ევროპელ ექსპერტებთან ერთად. მათი ჩამოსვლა ყოველთვის ჰგავს ჩვენს გამოცდას. სამწუხაროა, რომ ეს დახურული პროცესია, მე ძალიან მინდა ხოლმე ამას ესწრებოდეთ თქვენ, მედია. იმიტომ, რომ ეს არის ერთგვარად მასწავლებლისა და მოსწავლის გამოცდის მსგავსი პროცესი. ამიტომ ვინც ამაში არ არის უშუალოდ ჩართული, მათთვის, მათ შორის, პრეზიდენტისთვის თუ მედიის წარმომადგენლებისთვის, უფრო მარტივია კომენტარების გაკეთება. მერწმუნეთ, რომ ის სამი მინისტრი, ვინც პასუხს ვაგებთ მიგრაციის პოლიტიკაზე, თავით ვაგებთ პასუხს იმაზე, რომ შემუშავებული პოლიტიკა არის მკაცრად შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგორან ბრეგოვიჩმა კიევში გამოსვლამდე კონცერტი ყირიმში ჩაატარა
შემდეგი სტატიამივესალმები, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე მინისტრები დეტალურად გადიან ჩემი გამოსვლის შინაარსს