საგარეო უწყება თბილისის სტიქიაზე საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომას გამოეხმაურა

საგარეო საქმეთა სამინისტროში თბილისში განვითარებული სტიქიური პროცესების თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიღებულ თანადგომას გამოეხმაურნენ.
სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას გააცნო საგარეო საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში სპეციალური ანგარიში გაიხსენა, სადაც დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ დამატებითი გადასახადების გარეშე სურვილის შემთხვევაში ფინანსურად დაეხმარონ სტიქიით დაზარალებულებს.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას.
თავდაპირველად მინდა მოგახსენოთ იმ უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერისა და სოლიდარობის შესახებ, რასაც ვიღებთ საერთაშორისო თანამეგობრობისგან, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოებისგან.
საგარეო საქმეთა სამინისტროში არ წყდება თანადგომისა და მხარდაჭერის წერილების შემოსვლა. აგზავნიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი პირები – პრეზიდენტები, პრემიერ მინისტრები, ცალკეული პოლიტიკოსები.
საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოები, ჩვენი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები ასევე იღებენ მხარდაჭერისა და თანადგომის ზარებს”, – განაცხადა კერესელიძემ.
მანვე ჩამოთვალა მხარდამჭერი ქვეყნების წერილები. ესენია: აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ესტონეთის პრეზიდენტი, ბელარუსის პრეზიდენტი, თურქეთის პრეზიდენტი, ლიტვის პრეზიდენტი, პოლონეთის პრეზიდენტი, სომხეთის პრეზიდენტი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტი, ყაზახეთის პრეზიდენტი, ლატვიის პრემიერ-მინისტრი, საუდის არაბეთის პრინცი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ჩინეთის პრემიერ-მინისტრი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირი, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, გაერო-ს ლტოლვილთა კომისარიატი, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, კრიზისის მართვისა და ჰუმანიტარულ საკითებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდასი, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაცია. დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბრაზილიის მთავრობის სამძიმარი, ჩინეთის მთავრობა, ირლანდიის მთავრობა, თბილისის სტიქიას ეხმაურებიან ამერიკელი კონგრესმენები, ასევე გერმანიის მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა დაეხმაროს საქართველოს.
“ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოები უთანაგრძნობენ და სამძიმარს უცხადებენ დაღუპულთა ოჯახებს, ქართველ ხალხს, საქართველოს მთავრობას. ასევე გამოხატავენ მზადყოფნას დაგვეხმარონ ამ მძიმე ჟამს.
მინდა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის, ასვე მოსახლეობის სახელით მადლობა გადავუხადო საერთაშორისო თანამეგობრობას ამ მხარდაჭერისთვის.
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოები. ჩვენ მუდმივად ვაწვდით მათ ინფორმაციას იმ საჭიროებების შესახებ, რაც აუცილებელია სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, და ისინი, რა თქმა უნდა, ადგილსამყოფელ ქვეყნებში მუშაობენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სხვადასხვა ფონდებთან, არასამთავრობო სექტორთან და ინდივიდუალურ პირებთან, რომ შეძლებისდაგვარად მოხდეს დახმარების მობილიზება.
ასევე ძალზედ აქტიურობს ქართული დიასპორა საზღვარგარეთ. ჩვენს თანამემამულეებს ბუნებრივია სურთ დახმარების ხელი გაუწოდონ დაზარალებულებს.
ამ მიზნით ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ადვილი იყოს ფინანსური დახმარების განხორციელება, საქართველოს საელჩოებში გაიხსნება სპეციალური ანგარიშები.
თქვენ იცით, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე გამოაქვეყნა სახაზინო ანგარიში, სადაც შესაძლებელია თანხების ჩარიცხვა. თუმცა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სავალუტო ტრანზაქციის საფასური საკმაოდ მაღალია, შესაბამისად ჩვენს თანამემამულეებს იმისათვის, რომ თავიდან ავარიდოთ გარკვეული ბიუროკრატიული გართულებები, ვთავაზობთ ამ მოქნილ მექანიზმს. ინფორმაცია საელჩოებში გახსნილი ანგარიშების თაობაზე განთავსდება სამინისტროს, ასევე საელჩოების ვებ-გვერდზე და ასევე თანამემამულეებს ინფორმაციის მიღება შეეძლებათ საელჩოების ცხელი ხაზის მეშვეობით.
საელჩოები არიან მუდმივ კოორდინაციაში დიასპორის ორგანიზაციებთან. მათ აქვთ მითითება, რომ შეხვდნენ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, მიაწოდონ აღნიშნული ინფორმაცია და მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინონ, რათა მათ შეძლონ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო პროცესებში საკუთარი წვლილის შეტანა.
მოგეხსენებათ, რომ უცხოეთში, საქართველოს მეგობრები გამოდიან სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებების გამართვის ინიციატივით, რაც ასევე მოემსახურება სტიქიით დაზარალებულთა დახმარებას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის”, – განაცხადა კერესელიძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა სტიქიასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაბულგარეთის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი საქართველოში ჩამოვიდა