საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისის მონაკვეთზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დეპარტამენტის განცხადებით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი–აგარას მონაკვეთის მიმდებარედ, დაგეგმილია ადგილობრივი მიმოსვლის საავტომობილო გზების მოწყობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ სიტუაციას და მოსახლეობას შეხვდნენ. დეპარტამენტის ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება დეტალური პროექტის მომზადება და პროცედურების შესაბამისად შესრულდება სამუშაოები. პროექტის საბოლოო დასრულებამდე, მოსახლეობისთვის მოეწყობა ჩქაროსნული მაგისტრალიდან გადასასვლელი დროებითი მიერთების გზები, რაც ადგილობრივებს მისცემს საშუალებას შეუფერხებლად გადაადგილდნენ.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისის მონაკვეთის მიმდებარედ საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მოსახლოების გარკვეული ნაწილი ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა. რუისელები ავტობანის მშენებლობის გამო, სოფელთან მისასვლელი რამდენიმე გზის გაუქმებას აპროტესტებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილობრივმა მოსახლეობამ პროტესტი მშენებლობის პროცესშიც გამოთქვა, თუმცა ამბობენ, რომ მათი მოსაზრებები არავის გაუთვალისწინებია.

banner
წინა სტატიაშიGoogle Maps-ის ირგვლივ რასისტული სკანდალი აგორდა
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი: ვულოცავ მთავრობას და ჩვენს საზოგადოებას