„რუსეთი ელის, რომ სანქციებზე უარს ვიტყვით, ეს არის ის, რაც საქართველოში ომის შემდეგ გავაკეთეთ“

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ ოსლოში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოსა და მოლდოვასთვის დახმარება ნატო-ს სტრატეგიულ ინტერესებში შედის.

მან სიტყვით გამოსვლისას საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ნატო-ს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„იმისთვის, რომ ერთობლივი თავდაცვა დამატებით უზრუნველვყოთ, ასევე  ჩვენ საზღვრებს მიღმაც უნდა გავიხედოთ. უელსის სამიტზე ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორებისთვის მხარდაჭერის გაზრდა იყო, განსაკუთრებით კი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის, რომლებიც რუსული წნეხისა და ჩარევების მთავარი სამიზნეები არიან. ნება მომეცით აღვნიშნო, რომ ამ ქვეყნებთან ურთიერთობებს მოსკოვთან ჩვენი ურთიერთობების ჭრილიდან არ განვიხილავთ. ისინი არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები საერთაშორისოდ აღიარებული საზღვებით, რომელთაც უფლება აქვთ არჩეულ გზას მიყვნენ. ბოლო არჩევნებში ყველა ამ ქვეყანამ აირჩია ლიდერები და პარტიები, რომლებიც მომხრენი არიან ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და არა რუსეთის ევრაზიული კავშირისა. რამდენადაც მეტად სტაბილურები არიან ისინი, იმდენად უსაფრთხოდ ვართ ჩვენც. ასე რომ, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას დახმარებით, რომ მათ გააძლიერონ შეიარაღებული ძალები, მოახდინონ ინსტიტუტების რეფორმირება და ეკონომიკის მოდერნიზება, არ არის კეთილშობილური აქტი, არამედ ეს არის ჩვენი ფუნდამენტური სტრატეგიული ინტერესი“, – განაცხადა ვერშბოუმ.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, ნატო თავის გასაკეთებელს აკეთებს. მისი განმარტებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებასა და რეფორმირების მიზნით, ნატო-მ ძალები მიმართა ისეთი სფეროებისკენ, როგორებიცაა მართვა და კონტროლი, ლოჯისტიკა, კიბერ თავდაცვა და სამხედრო მედიცინა.
„ჩვენ უფრო მეტ მრჩეველებს ვგზავნით კიევში და უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნასაც განვახორციელებთ. მოლდოვასა და საქართველოს მსგავსი გზებით ვეხმარებით თავდაცვისუნარიანობი გაძლიერებაში და საქართველოს შემთხვევაში ვეხმარებით ალიანსში შემდგომი გაწევრიანებისთვის მზადებაში. მაგრამ თავდაცვითი დახმარება, როგორიც არის ეკონომიკური მხარდაჭერა, მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. ამ ქვეყნებმა უნდა შეასრულონ ვალდებულებები კორუფციასთან ბრძოლაში, მიიღონ მძიმე ეკონომიკური გადაწყვეტილებები, მოიცვან უმცირესობები და ააშენონ ქმედითი და გამჭვირვალე ინსტიტუტები. მხოლოდ ამ რეფორმებთან ერთად იქნება ჩვენი დახმარება ეფექტური“, – აღნიშნა ვერშბოუმ.
banner
წინა სტატიაში“რომელი უნდა აგვაფეთქონ 26 მაისის ლიდერებიდან, რომ ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და გამოიძიოს 26 მაისი”
შემდეგი სტატია“ერთადერთი, რაც გულზე მომეშვა, ისაა, რომ საზოგადოებამ შეიტყო, ჩემი შვილი ყაჩაღი არ იყო”