რომელი სამთავრობო უწყება განთავსდება ათონელის რეზიდენციაში?

თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში რომელიმე სამთავრობო უწყება განთავსდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე სისაურმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნუშნული შენობა სპეციფიკური სახისაა, რომელიც დაპროექტებულია, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირის რეზიდენცია, რის გამოც მისი შესყიდვით დღემდე არავინ დაინტერესებულა.
“საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში, სხვა აქტივთან ერთად, შეტანილი იყო თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია. საკმაოდ სპეციფიკური სახის შენობაა, რომელიც დაპროექტებულია, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირის რეზიდენცია, შესაბამისად, გათვლილი არქიტექტურით და შიდა სივრცით. ვფიქრობ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ ამ შენობით დღმდე არც ერთი პოტენციური მყიდველი არ დაინტერესებულა. ვინაიდან შენობის კომერციული მიზნებისთვის მორგება საკმაოდ რთული იქნებოდა, სავარაუდოდ, შენობის გაყიდვა გაჭირდება და მისი გამოყენება მოხდება რომელიმე სამთავრობო უწყების მიერ, ან თავდაპირველი დაპროექტების შესაბამისად”, – განაცხადა სისაურმა.
ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, რომელი სახელმწიფო უწყება შეიძლება განთავსდეს აღნიშნულ შენობაში.
თავად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ ადრე გაკეთებული განცხადების მიხედვით კი, ათონელზე მდებარე რეზიდენციაში შესაძლოა, საგარეო საქმეთა სამინისტრო გადავიდეს. შესაბამისი განცხადება კვირიკაშვილმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სტუმრობისას გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2505 ლარია
შემდეგი სტატიასაქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქე, დევნილი ეკატერინე ხარებავა გასწირა