“როდესაც თბილისში ადამიანები იღუპებოდნენ აშშ-ში ჩვენმა ელჩმა, არჩილ გეგეშიძემ აიღო შვებულება და გაემგზავრა ნიაგარას ჩანჩქერზე დასასვენებლად”

“ნაციონალურიი მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, როდესაც თბილისში სტიქია მოხდა, მეორე დილით ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე შვებულებაში გავიდა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, როდესაც ასეთი შემთხვევები ხდება, ყველა საელჩო უნდა იყოს გადასული საგანგებო რეჟიმზე.
“ჩვენი ინფორმაციით, 14 ივნისს, როდესაც თბილისში ჯერ კიდევ ადამიანები იღუპებოდნენ და იყო ძალიან დაძაბული სიტუაცია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენმა ელჩმა, არჩილ გეგეშიძემ სწორედ იმ დილით აიღო შვებულება და გაემგზავრა ნიაგარას ჩანჩქერზე დასასვენებლად. ჩვენ გვინდა, მივმართოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ამ თემაზე საზოგადოებას, დაადასტუროს ან უარყოს ეს ფაქტი, რადგან ვთვლით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ინფორმაცია დადასტურდება, თუმცა ვთვლით, რომ ჩვენი წყარო არის სანდო, მაშინ მოვითხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეფასება მისცეს ამ ფაქტს, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ მძიმე სიტუაციაში ყველა საელჩო უნდა ყოფილიყო გადასული საგანგებო რეჟიმზე, განსაკუთრებით კი – მთავარი სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში. მათ უნდა ეზრუნათ, რომ საერთაშორისო საზოგადოება გვერდში დადგომოდა სტიქიით დაზარალებულებს. რაც შეიძლება მეტი დახმარება და თანადგომა მიგვეღო მათგან”, – განაცხადა ნადირაშვილმა.
მისივე თქმით, ასეთ სიტუაციაში ელჩის მხრიდან შვებულების აღება და დასასვენებლად გამგზავრება მიუთითებს ძალიან ღრმა კრიზისზე.
“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთმა წევრმა გიგა ბოკერიამ ამ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, რომ თუ ეს ფაქტი დადასტურდა, ეს არ არის მხოლოდ ელჩის პრობლემა.
“ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმ უმძიმესი ვითარების, რომელიც არის მთელ სახელმწიფო აპარატში. ეს იქნება დადასტურება იმის, რომ ივანიშვილის მთავრობას არ აქვს გაცნობიერებული, რისთვის აირჩიეს. არ აქვს გაცნობიერებული ის, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ყოველდღიურ შრომას, პასუხისმგებლობას საკუთარი საზოგადოების წინაშე, განსაკუთრებით ასეთი განსაცდელის მომენტში, რომლის წინაშეც დღეს არის ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: რომან გოცირიძე აკეთებს ისეთივე განცხადებებს როგორც მართავდა საქართველოს ეკონომიკას კუპონის დროს
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური: სტიქიური უბედურება ნაწილია იმ დიდი პოლიტიკური სტიქიური უბედურებისა, რაც “ქართულმა ოცნებამ” საქართველოში დაატრიალა