რა საფრთხე ემუქრება თაბუკაშვილის ქუჩასა და ვაჟა ფშაველას გამზირს

საფრთხე ემუქრება

nika_mzhavanadze,,მარჯანიშვილი’‘, ,,ავლაბარი’‘, ,,გოცირიძე’‘ _ ეს იმ მეტროსადგურების არასრული ჩამონათვალია, სადაც რამდენიმეთვიანი შუალედებით, ხანძარი გაჩნდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არც ერთ მათგანს მოჰყოლია, მაგრამ ურიგო არ იქნება, მეტროსადგურების ტექნიკური უსაფრთხოება მანამ შემოწმდეს, ვიდრე მორიგი ხანძარი უბედური შემთხვევით დასრულდება! მიწისქვეშა ტრანსპორტის უსაფრთხოებაზე პასუხს, წესით, მხოლოდ მეტროპოლიტენის შიდასამსახურები კი არა, დამოუკიდებელი უწყებებიც უნდა აგებდნენ, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებათდამცველთა გაერთიანების’‘ ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე ამტკიცებს, რომ 2010 წლის შემდეგ, მეტროსადგურების მდგომარეობა აღარავის შეუმოწმებია. მეტიც, რამდენიმე მეტროსადგური, ძვირადღირებული უწვადი მასალების ნაცვლად, იაფფასიანი პლასტმასით შეკეთდა. მაინც როგორ იქცა მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი საქართველოში ,,დანაღმულ ველად’‘?

,,გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტია, მეტრო საევაკუაციო ქსელიცაა. ღმერთმა დაგვიფაროს, რუსეთმა ჩვენი დედაქალაქი რომ დაბომბოს, ხალხმა თავი სწორედ მეტროს უნდა შეაფაროს. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რამდენიმე მეტროსადგური, კერძოდ ,,წერთელი’‘, ,,ახმეტელი’‘, ,,რუსთაველი’‘ და ,,300 არაგველი’‘ სარეაბილიტაციო სამუშოების შედეგად, პლასტმასებით შეკეთდა. საუბარია გვირაბებსა და მოსაცდელ ბაქნებზე. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ამ მეტროსადგურების სარეაბილიტაციოდ გამოყენებული მასალა ადვილად აალებადია, რაც კანონის უხეში დარღვევაა’‘, _ აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე. არსებობს საქართველოს შს მინისტრის ბრძანება #449 საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების შესახებ, რომლის მეოთხე პუნქტშიც ვკითხულობთ: ,,საევაკუაციო გზების (დერეფნები, კიბის უჯრედები, ვესტიბიულები, ჰოლები და ა.შ.), კედლებისა და ჭერის მოსაპირკეთებლად, აგრეთვე მიწისქვეშა სათავსებსა და სადგურების ვესტიბიულებში რეკლამის მოწყობისას დასაშვებია მხოლოდ უწვი მასალის გამოყენება’‘.

 საფრთხე ემუქრება

როგორც ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, არ არსებობს დასკვნა იმის შესახებ, რომ სარეაბილიტაციოდ გამოყენებული მასალა უსაფრთხოა და მოკლე ჩართვის შემთხვევაში მთელი მეტროსადგრი ცეცხლის ალში არ გაეხვევა: ,,ისიც საეჭვოა, რომ, როცა რეაბილიტაცია დასრულდა, ამ სადგურების ჩაბარების აქტს ხელი არავინ მოაწერა ანუ დანაშაული თავის თავზე, რეალურად, არავინ აიღო. ჩვენ სწორედ ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ის თანამშრომლები დაგვიკავშირდნენ, ვინც ამ საქმეში უშუალოდ მონაწილეობდნენ. აქამდე სხვადასხვა ტექნიკური მიზეზით, პატარა, ლოკალური ხანძრები ხდებოდა, მაგრამ ერთხელაც, სერიოზული ხანძარი რომ გაჩნდეს, შესაძლოა, ათეულობით ადამიანი დაიღუპოს. სხვათა შორის, ამ მცირე ტექნიკური გაუმართაობის მიზეზი ისაა, რომ 2010 წლის შემდეგ მეტროსადგურები საერთოდ არ შემოწმებულა.

 

4 წელია, არავინ იცის, რა მდგომარეობაშია გვირაბები, სად რამდენი წყალი ჩადის და ა.შ. მეტროპოლიტენს თავისი შიდასამსახური, ცხადია, ჰყავს, მაგრამ მათ დამოუკიდებელი სტრუქტურა არ ამოწმებს. ვესაუბრეთ მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობასაც და მივიღეთ პასუხი, რომ გამოყენებული მასალა სტანდარტებს აკმაყოფილებს, მაგრამ ეს სიცრუეა! თუ ასე არ არის, წარმოადგინონ ექსპერტიზის პასუხები, ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ ეს თემა უნდა შეისწავლოს, დაიდოს დასკვნა, შეკეთდა თუ არა მეტრო აალებადი მასალით და, თუ ეს დადასტურდა, მაშინ პლასტმასები სასწრაფოდ სხვა მასალით უნდა შეიცვალოს. სჯობს, გაბზარულ კედლებს უყურო, ვიდრე მოქალაქეების სიცოცხლეს ყოველდღე საფრთხე ემუქრებოდეს. ამ საკითხს ბოლომდე მივყვებით _ ყველა ინსტანციას, მათ შორის პროკურატურასაც ოფიციალურად წერილობით მივმართავთ. ეს ხომ სამართლიანობის აღდგენის ყბადაღებული თემა არაა _ საქმე ათასობით მოქალაქის სიცოცხლესა და უსაფრთხოებას ეხება!’‘ რამდენიმე საგანგაშო ფაქტის შესახებ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტი გიორგი ნიკოლაიშვილიც საუბრობს და ამბობს, უტყუარი ინფორმაცია მეტროპოლიტენის ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა. გიორგი ნიკოლაიშვილი იმ კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს, ვინც მეტროპოლიტენის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი: ,,140-ე საიდუმლო ობიექტის შესახებ რამე გსმენიათ? ეს სპეცდანიშნულების ობიექტი გაუმაგრებელი გვირაბია, რომლის ნაწილი ყოფილი პიონერთა სასახლის ქვეშ გადის.

 საფრთხე ემუქრება

 

იცით, ,,რუსთაველი 2’‘ ხაზის არსებობის შესახებ? ეს ,,რუსთაველი 2 _ ვარკეთილის’‘ 600-მეტრიანი გვირაბია, რომელიც ასევე გაუმაგრებელია. თაბუკაშვილის ქუჩა, რომელიც ოპერის უკან მდებარეობს, შესაძლოა, საერთოდ მიწის ქვეშ ჩავარდეს, რადგან გაუმაგრებელი გვირაბი მიწის ზედაპირიდან 40 მეტრზეა. იცით, რა მდგომარეობაშია მეტროსადგურ ,,ახმეტელთან’‘ სამოქალაქო თავდაცვის ობიექტი ან რა ხდება ნავთლუღში?! საბურთალოს ხაზის გაჭრა რომ უნდათ, ეგ გვირაბი უკვე არსებობს და ისიც გაუმაგრებელია, ასე რომ, შესაძლოა, ვაჟა ფშაველას გამზირის ნაწილიც მიწაში ჩავარდეს. 6-ბალიან სეისმურ ზონაში ვიმყოფებით და გამორიცხული არაა, რამდენიმე ძლიერ რყევას დედაქალაქში მსხვერპლი მოჰყვეს. არც ის ვიცით, რა მდგომარეობაშია წყალსაქაჩი ტუმბები, სპეცსადენები და ა.შ. ყოველ წელიწადს ახალი ბზარების თავიდან ასაცილებლად გამაგრებითი სამუშაოები უნდა ტარდებოდეს, მაგრამ ამაზე ფული არ იხარჯება და ხალხის სიცოცხლე ფეხებზე ჰკიდიათ! სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გაუმაგრებელი მეტროსადგურების კონსერვაცია, რასაც თავისი წესი და რიგი აქვს და საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. იმასაც გეტყვით, რომ იმ პლასტმასის წვის შედეგად, რაც რამდენიმე მეტროს გვირაბშია აკრული, მაგალითად, ,,წერეთელზე’‘, უამრავი მომწამლავი ნივთიერება გამოიყოფა. შესაბამისად, ხანძრის დროს, ცეცხლს რომ გადაურჩეს, ხალხი კვამლში დაიხრჩობა და გვირაბიდან ამოსვლას ვერ მოასწრებს… 2012 წელს, ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურმა მიიღეს კანონი ,,უსაფრთხო პროდუქტის შესახებ’‘, საიდანაც ამოღებულია მეტროპოლიტენის შემოწმების პუნქტი. ეს უკვე პოლიციის, პროკურატურისა და ფინანსური პოლიციის გასარკვევია. ამაში ჩართულნი არიან თბილისის მერია და ეკონომიკის სამინისტრო. ვასახელებ გვარებს: გიგი უგულავა, ტექნიკური და სამშენებლო სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე, მისი მოადგილე რამაზ ობოლაძე, ასევე ეკონომიკის მინისტრის ნაციონალი მოადგილეები, რომლებიც კვლავ ძველ პოსტებს იკავებენ და ამ საკითხებს კურირებენ, ამიტომ მივმართავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს, ფინანსურ პოლიციას _ ნება იბოძონ და ეს პრობლემა სწრაფად მოაგვარონ!’‘

 

რა დაჯდა 2010 წელს მეტროსადგურების რეაბილიტაცია, რა მასალით მოპირკეთდა მეტროს გვირაბები, არის თუ არა ეს მასალა ადვილადაალებადი, რატომ არ ამოწმებს თბილისის მეტროს არც ერთი დამოუკიდებელი სტრუქტურა და რა ელის თბილისის ცენტრალურ უბნებს, რომლის ქვეშაც გაუმაგრებელი გვირაბები გადის? _ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება თბილისის მერიასაც მივეცით. არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებს შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის’‘ პრესცენტრის წარმომადგენელმა, თამაზ რობაქიძემ უპასუხა: ,,2010 წელს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, განხორციელდა მეტროსადგურ „დიდუბის“ სარემონტო სამუშაოები. გაფორმებულია შესაბამისი მიღება- ჩაბარების აქტები, კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესრულებულ სამუშაოებზე არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 716 043 ლარი შეადგინა… ჩვენმა კომპანიამ მიიღო საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის, საშიშ საწარმოო ობიექტთან დაკავშირებული საქმიანობის ორი უვადო ნებართვა: ნებართვა №05/142-,,საშიში საწარმოო ობიექტების (ესკალატორების, ტვირთამწე მექანიზმების, ლიფტებისა და წნევაზე მომუშავე ჭურჭლების) ექსპლუატაცია’‘ და ნებართვა №01/133 ,,თბილისის მეტროპოლიტენის მიწისქვეშა გამონამუშევრების და ხელოვნური ნაგებობების ექსპლუატაცია, ტექნოლოგიურ ციკლში არსებული სამთო მანქანა- მექანიზმების გამოყენებით’‘. აღნიშნულ ობიექტებზე ხორციელდება მუდმივი მონიტორინგი. ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციას აქვს შესაძლებლობა, კომპეტენციის ფარგლებში, ნებისმიერ დროს შეამოწმოს მეტროპოლიტენის უსაფრთხოება. მეტროპოლიტენის მოქმედი ყველა (როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა განლაგების) სადგურის (მათ შორის ,,რუსთაველი’‘ და ,,თვისუფლების მოედანი’‘) და ექსპლუატაციაში მყოფი ყველა გვირაბის მოვლა მიმდინარეობს კომპანიაში მოქმედი ,,მეტროპოლიტენების ხელოვნური ნაგებობებათა მიმდინარე მოვლა- შენახვის ინსტრუქციის’‘ მოთხოვნათა მიხედვით. მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ არსებობს არანაირი წინაპირობა, რომ რომელიმე სადგურს რაიმე ტიპის საფრთხე ემუქრება’‘.

 საფრთხე ემუქრება

 

შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის’‘ ზემოხსენებულ არგუმენტებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’‘ ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე აბათილებს: ,,სამხარაულის ექსპერტიზა ყალბი და შეთითხნილი დასკვნების გაცემითაა ცნობილი. საიდუმლო არც ისაა, რომ ისინი სახელმწიფო დაკვეთას ასრულებდნენ. გასარკვევია, დასკვნა საერთოდ რაზე გასცეს და თუ მართლა არსებობს დოკუმენტი, ამის გამო პასუხი მათაც მოეთხოვებათ. დანამდვილებით ვიცი, რომ მეტროსადგურებში აალებადი მასალაა გამოყენებული და ხ ელისუფლებას ამ საქმის გამოძიებისკენ მოვუწოდებთ. გაიხსენეთ ,,ყაზტრანსგაზის’‘ მილების სკანდალი _ თავად ეს კომპანია ამბობდა, სახლებში შეყვანილი მილებით გაზის მიწოდება უსაფრთხოაო, მაგრამ აღმოჩნდა, პლასტმასის მილების გამოყენება მხოლოდ წყალგაყვანილობის შემთხვევაშია დასაშვები. არც ის მიკვირს, მერიაში ისეთი კაცი ეპოვათ, ვინც ამ შეთითხნილ დასკვნებსა და მიღება- ჩაბარების აქტებს ხელს მოაწერდა. თუკი ყველაფერი მოწმდება, მაშინ 2 თვეში ერთხელ, სხვადასხვა მეტროსადგურში, ხანძარი რატომ ჩნდება! გპირდებით, ამ საქმის გამო გიგი უგულავა პასუხისგებაში მიეცემა!’‘

“ვერსია”

ნინო კომახიძე

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ოდესა ქართველმა ქურდებმა დატოვეს
შემდეგი სტატიაინტერპოლით ძებნილი ქართველი ქურდი კიევის სასამართლომ გაუშვა