რა საეჭვო გარემოებები აღმოჩნდა ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებულ მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებში

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ისტორია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ

 

2015 წლის ივლისში საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შეისწავლა ფესტივალთან დაკავშირებული მსხვილი სახელმწიფო შესყიდვები, რომელთა უმეტესობა 2011 წელს თბილისის მერიის მიერ სპეციალურად ამ ფესტივალისთვის შექმნილმა საორგანიზაციო კომიტეტმა განახორციელა. საორგანიზაციო კომიტეტმა ჯამში 700-ზე მეტი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალისთვის საჭირო ზოგიერთი ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობას სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი შპს “სპორტმშენსერვისი” უზრუნველყოფდა, რომელმაც საწყლოსნო და ხელბურთის სპორტის სასახლეების მშენებლობისთვის დაახლოებით 39.4 მლნ ლარი დახარჯა. ამასთანავე, 2015 წლის აპრილში ფონდმა “ქართუმ” ოლიმპიური ფესტივალის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მერიას 10 მლნ ლარი გამოუყო.

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობაში” აღნიშნავენ, კვლევისას რამდენიმე პრობლემა და საეჭვო გარემოება გამოიკვეთა. კერძოდ: ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებისთვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვების უდიდესი ნაწილი გამარტივებული შესყიდვების და არა კონკურენტული ტენდერების მეშვეობით განხორციელდა, რაც სახელმწიფოს თანხების დაზოგვის შესაძლებლობას მისცემდა, ასევე, საქართველო რომ ამ ფესტივალს უმასპინძლებდა, ჯერ კიდევ 2010 წლის ბოლოდან იყო ცნობილი. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არ მოხდა მსხვილი შესყიდვების განხორციელება კონკურენტული ტენდერების გზით. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ უკეთესი დაგეგმვისა და შესყიდვების კონკურენტული ტენდერების მეშვეობით განხორციელების პირობებში, შესაძლოა, არ დამდგარიყო დამატებითი ფინანსების მოზიდვის საჭიროება. ამგვარად, ფონდი “ქართუს” მიერ ოლიმპიური ფესტივალის პროექტებისთვის 10 მლნ ლარის გამოყოფა შესაძლოა საჭირო არც გამხდარიყო.

“იმ კომპანიების ნაწილს, რომელსაც 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები პირდაპირ, ტენდერის გარეშე გაუფორმდა, მანამდე სახელმწიფო შესყიდვებში არ ჰქონია მონაწილეობა მიღებული. აქედან გამომდინარე, ბუნდოვანია, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა მაინც და მაინც ეს კომპანიები, რადგან სახელმწიფო შესყიდვებში გამოუცდელ კომპანიებთან მსხვილი ხელშეკრულებების გაფორმება ერთგვარი რისკია. ერთ შემთხვევაში მსხვილი ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიასთან, რომელიც კონტრაქტის გაფორმებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე დარეგისტრირდა, თუმცა ეს ხელშეკრულება მალევე გაუქმდა. ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა უნდა განმარტოს, თუ რა ნიშნით შეირჩნენ გამოუცდელი კომპანიები და საჯარო გახადოს მათი შერჩევის პროცესის ამსახველი დოკუმენტები, ასეთი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში. ფესტივალისთვის განხორციელებული ზოგიერთი შესყიდვის შემთხვევაში საქონლის/მომსახურების მიწოდების ვადამ რამდენჯერმე გადაიწია. შედეგად, საეჭვოა, რამდენად მოესწრება ზოგიერთი ობიექტის დასრულება ფესტივალის დაწყებამდე. ამ შესყიდვების განხორციელება 2014 წლიდან დაიწყო. როგორც უკვე ითქვა, ფესტივალის ჩატარების შესახებ საქართველოსთვის 2010 წლის ბოლოდან არის ცნობილი. მსგავსი მნიშვნელობის ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო შესყიდვების განხორციელება მომავალში უფრო დროულად უნდა მოხდეს”, – ნათქვამია კვლევაში.

banner
წინა სტატიაშიფეხბურთში საქართველოს ნაკრებმა თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა
შემდეგი სტატიაგერმანია რუსეთსა და ყატარში ჩასატარებელი ჩემპიონატების გადახედვას ითხოვს