რატომ ითხოვს დიმიტრი ხუნდაძე არმაზ ახვლედიანისგან ბოდიშის მოხდას?

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკურ მდივან არმაზ ახვლედიანისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
ხუნდაძე ახვლედიანის განცხადებას ეხმაურება, რომ თუკი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დეპუტატები არ დაემორჩილებიან, მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება. არმაზ ახვლდიანის თქმით, პოლიტსაბჭომ და პრემიერმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება და მხარს უჭერენ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს.
“არმაზ ახვლედიანის განცხადება იყო არამარტო საკუთარი უფლებამოსილების გადამეტება, არამედ ეს იყო შეურაცხყოფა თითოეული დეპუტატისთვის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პოლიტსაბჭოს არ მიუღია გადაწყვეტილება, ან როგორ შეიძლება მიეღოთ, როცა ფრაქციას ეს საკითხი ჯერ არ განუხილავს. რაც შეეხება დეპუტატების მიმართ ბრძანებლური ტონით საუბარს, შევახსენებ ბატონ არმაზს, რომ დეპუტატი არის ხალხის მიერ არჩეული პირი, რომელსაც თავისუფალი გადაწყვეტილების უფლება აქვს. რა თქმა უნდა, პატივსაცემი და გასათვალისწინებელია პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, მაგრამ მთავარია თავად დეპუტატის დამოკიდებულება კონკრეტული საკითხის მიმართ. მადლობა ღმერთს, რომ დღეს განსხვავებული აზრისთვის აღარავინ ისჯება”, – განაცხადა ხუნდაძემ.
მისივე თქმით, არმაზ ახვლედიანის მიერ გაკეთებული განცხადება შეურაცხმყოფელია არა მარტო დეპუტატებისთვის, არამედ, თავად ნინო გვენეტაძისთვისაც.
“მისი საუბრიდან ჩანს, რომ თუ ძალადობა არ გამოიყენეს, კანდიტატურა ვერ გავა, ანუ მას არა აქვს საკმარისი მოცემულობა იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ. ეს ასე არ არის. ქალბატონ ნინოს ყველა პოზიტიურად უყურებს, მათ შორის მეც. ჩვენ ველოდებით მასთან შეხვედრას და მისი პროგრამის გაცნობას. რაც შეეხება ბატონი არმაზის განცხადებას, ვურჩევდი, ბოდიში მოიხადოს დეპუტატების წინაშე. ბრძანებების და სანქციების დრო დამთავრდა. ჩვენ თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, სადაც თითოეული მოქალაქის მოსაზრება პატივსაცემი და გასათვალისწინებელია”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: უმრავლესობას პრეზიდენტთან სადებატო არაფერი გვაქვს
შემდეგი სტატიადაღუპული ქართველი კურსანტების დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო სრულად დაფარავს