პროკურორი – როგორც წესი, ერთ საქმეზე ბრალდებულ პატიმრებს ერთ საკანში არ ათავსებენ

PROKURTAURA GANCXADEBAS AVRCELEBS

როგორც წესი, ერთ საქმეზე ბრალდებული პატიმრების მოთავსება ერთ საკანში არ ხდება, თუმცა ეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრეროგატივაა, – ამის შესახებ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე რიგითი სპეცრაზმელების საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
პროკურორმა აქვე განმარტა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც,  შვიდივე ბრალდებული ე.წ. მატროსოვის ციხეში ერთ საკანშია მოთავსებული, მისთვის უცნობი იყო.
“ინფორმაცია ჩემთვის უცნობია, თუმცა ეს არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომპეტენცია. პატიმართა განაწილება და მათი მოთავსება საკნებში წარმოადგენს სწორედ სად-ის კომპეტენციას. პროკურატურის კომპეტენცია მათ განაწილებაზე არ ვრცელდება. არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პირობებში არიან ეს ბრალდებულები, არ გაგვაჩნია”, – განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, როგორც წესი, ერთ საქმეზე ბრალდებული პატიმრების მოთავსება ერთ საკანში არ ხდება, თუმცა ესეც სად-ის პრეროგატივაა.
“ინტერპრესნიუსის” შეკითხვაზე, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული ბრალდებულების ერთად მოთავსება მათდამი პრივილეგიის მინიჭებას, პროკურორმა განმარტა, რომ ასე არ მიიჩნევს.
“ზოგადად ის, რომ პატიმრები იმყოფებიან ერთ პირობებში, არ მგონია, რომ პრივილეგიად განიხილებოდეს. ჩვენთვის ეს ინფორმაცია თქვენგან გახდა ცნობილი”, – განაცხადა პროკურორმა.
შეკითხვაზე, ბრალდებულების ერთად განთავსება მიუთითებს თუ არა, რომ მათ მიმართ რაიმე შემამსუბუქებელი ღონისძიება იგეგმება, პროკურორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონით საპროცესო შეთანხმების უფლება ყველა სისხლის სამართლის საქმეზეა შესაძლებელი, თუმცა დღეის მდგომარეობით, კონკრეტულად შვიდი რიგითი სპეცრაზმელის საქმეზე რაიმე სახის შემამსუბუქებელი ღონისძიების ირგვლივ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული რიგითი სპეცრაზმელების წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს, სადაც პროკურატურამ მტკიცებულებათა ნუსხა წარადგინა.
როგორც ცნობილია, დაცვის მხარე წარდგენილი მტკიცებულებების დიდ ნაწილს სადაოდ არ გახდის. შესაბამისად, არსებითი განხილვის პირობებში ბრალდების მხარის მტკიცებულებების დიდი ნაწილის გამოკვლევა არ მოხდება.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია – მინისტრის კიდევ ერთი პორტფელის შემოღებას ძალიან ძლიერი არგუმენტაცია სჭირდება
შემდეგი სტატიაზიკო ფიფას ხელმძღვანელობისთვის იბრძოლებს