,,პროექტი – წინ ევრაზიული კავშირისაკენ – ახალ ფაზაში შევიდა,, – ირინა სარიშვილი

,,ხალხის მართვის და დამონების საუკეთესო გზა მისი დამშევაა.
მშიერი ადამიანი ადვილად იმართება, მთელი მისი ყურადღება სოციალურ თემებზეა გადართული.
მშიერი ადამიანი აგრესიული ხდება და აგრესიაც საუკეთესო საშუალებაა მისი მართვის.
შიმშილის და აგრესიის ფონზე ყურადღების მიღმა რჩება ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხები, მათ შორის საგარეო პოლიტიკა, რომლის მიმართ მოსახლეობის ინტერესი აშკარად უფრო დაბალია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა.
საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა სოლიდარულ გაუგებრობაში მყოფი ბერუჩაშვილის მოხსნით და აყვავებული ეკონომიკის მინისტრის (უკვე ყოფილი) კვირიკაშვილის დანიშვნით საბოლოოდ, ამჯერად უკვე ფორმალურადაც, განისაზღვრა.
ზაქარეიშვილის, ხიდაშელის, ღარიბაშვილის ფრთიანი გამონათქვამების შემდეგ აფხაზეთის, სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის, აგრეთვე უკრაინისთვის დასავლეთისგან სამხედრო დახმარების დაგმობის თაობაზე, საქართველოს საგარეო მინისტრად დაინიშნა ადამიანი, რომელიც ამ სფეროში არ ვიცი, მაგრამ ივანიშვილისთვის უმთავრეს საკითხში ნამდვილად პროფესიონალია – ბატონის თვალებში ციცინი, თან დაუღლელად. ივანიშვილი მონებს აგროვებს.
ნამდვილად არ ვყოფილვარ ამ პოსტზე თავის დროზე ბერუჩაშვილის დანიშვნით აღრფთოვანებული, მით უმეტეს, რომ ეს ქალბატონი ადამიანური თვალსაზრისით ძალიან არასწორად მოექცა საკუთარ თანაგუნდელებს და დანიშვნამდე 1 საათით ადრე მათი საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა. მაგრამ როგორც ჩანს, კვირიკაშვილისგან განსხვავებით, ქ–ნ ბერუჩაშვილს ცოტათი მაინც თვალი ბატონისგან დასავლეთისკენ გაურბოდა, რასაც მისი ბოლოდროინდელი ძალიან სუსტი მაგრამ მაინც დასავლური ელფერის მქონე განცხადებები ადასტურებს.
რაც შეეხება კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტზე დანიშვნას, ამჯერად უკვე თამამდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთთან ჩოქმბჯენის პოლიტიკა ამ უწყების საშუალებით ბევრად სწრაფი ტემპით განვითარდება და ფორმალურად ის არ ასცდება აბაშიძე–კარასინის შეხვედრების შინაარსს. ეს დაადასტურა ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველივე განცხადებამ საქართველოს პოლიტიკური კურსის თაობაზე.
პროექტი – წინ ევრაზიული კავშირისაკენ – ახალ ფაზაში შევიდა.
P.S სამწუხაროა, რომ ერთმანეთის ლანძღვა–გინების მორევში ჩათრეულები ასეთ მნიშვნელოვან თემებზე ნაკლებად ვრეაგირებთ და ნაკლებად გვაინტერესებს. არადა ყველა ჩვენი უბედურების სათავე სწორედ აქაა, მათ შორის ჩვენი გაუსაძლისი სოციალური ყოფის, რომელიც რუსეთზე მიბმული ეკონომიკითაა განპირობებული.
სტატუსი: ვიფიქროთ მაშინაც, როცა გვშია, სხვა გზა არ არის,, აცხადებს პარტია ,,იმედის,, ხელმძღვანელი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშინატო აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის საწინააღმდეგო შტაბებს ხსნის…
შემდეგი სტატიამიუნჰენის მცხოვრებლებს პოლიციამ მადლობა გადაუხადა და სთხოვა მიგრანტების დახმარება შეაჩერონ