პრობლემა ჩვენშია და არა ხელისუფლებებში… ამ ხელისუფლებებსაც ხომ ჩვენ ვირჩევთ…

მთელი ქვეყანა შურისძიების რეჟიმში ცხოვრობსაფხაზეთში ომის დროს, მინისტრთა საბჭოს შენობაში, სადაც სამხედრო შტაბი იყო, ერთ–ერთი ოპერაციიდან დაბრუნებულმა ქართველმა მეომრებმა აფხაზი მეომარი ტყვეები მოიყვანეს, რომლებიც თანამებრძოლთა ბრძოლის ველიდან გაქცევის გამო ალყაში აღმოჩნდნენ და ტყვედ ჩავარდნენ… ერთი იყო მათ შორის, რომელსაც თვალი ვერ მოვაშორე – სულ ბავშვი, ასე 17–18 წლის იქნებოდა, მაღალი, ლამაზი, ამაყი… თავი არ დაუხრია, არც არაფერი უჭამია, არ ინძრეოდა, იდგა მშვიდად და გვიყურებდა სიძულვილით სავსე თვალებით… ასე გაზარდეს… მისი ბრალი არ იყო, ასე იცოდა, რომ მტრები ვართ… თავისიანებზეც გულნატკენი იქნებოდა, რომ მიატოვეს, მაგრამ ამან არ გატეხა.,, თავისი უყვარდა მაინც და ჩვენ ვძულდით… გამთენიისას სხვებთან ერთად დახვრიტეს… როცა ეს გავიგე, იმ მომენტში, რამოდენიმე წამი ყველა მძულდა, მტერიც და მოყვარეც… მერე მძიმედ, მაგრამ მაინც შევეგუე ომის რეალობას – ასეთია ომის კანონები… ვერ დაიჭერ მტრის მხარეს…არ იყო ისტორიულად მართალი, არც იმას ებრძოდა, ვისთან და რასთანაც უნდა ებრძოლა, მაგრამ 17 წლის ბიჭი კაცურად წავიდა, ღირსეულად – როგორც წამდა, ისე იცოცხლა… მტერიც უნდა
დააფასო, თუ ღირსეულია…
რამდენი ადამიანის სისხლია პოლიტიკოსების კისერზე, რომლებსაც საქმე ყველაზე დიდ ბოროტებამდე – ომამდე მიყავთ… რა ულმობელია ომის კანონები… ომში მართალი მხოლოდ ის არის, ვინც თავის ქვეყანას იცავს. ლაჩრები და მოღალატეები ორივე მხარეს ყავს, თავდამსხმელსაც და იმასაც, ვინც თავს იცავს… ასევეა ღირსეულებიც… და ღირსეულებს შორის აღარ არსებობს მტყუანი და მართალი…
რამდენჯერ მიფიქრია, ის საოცარი ბიჭი რომ მოწამლული არ გაეზარდათ, პოლიტიკოსებს რომ ომამდე საქმე არ მიეყვანათ, ცოცხალი იქნებოდა… და რამდენი ასეთი, თუ იქით და თუ აქეთ…
ომს თავისი კანონები აქვს… ომში მტრის დანდობა არ ხდება…ღირსება არც ერთ მხარეს არ უნდა დაკარგო, რადგან ღმერთთან შენი სიმართლით მიდიხარ… შენ შენს თავზე აგებ პასუხს, შენს დაღვრილ სისხლზე კი პასუხი ვინც ომში გესროლა, იმას კი არა, ვინც ეს ომი ვერ და არ აგაცილა, იმას მოეთხოვება!!!
ძნელია, როცა სხვისი შეცდომების, ნაძირლობის და ბოროტების გამო შენ გიხდება იმის გაკეთება, რაც არასოდეს გნდომებია, მაგრამ მაშინაც კაცად უნდა დარჩე, რადგან ყველა სიმართლეზე მაღლა შენი რწმენა, სიყვარული და ღირსებაა… ომს სწორედ ასეთი ადამიანები ეწირებიან… და რაც მეტია ომი, მით უფრო ნაკლები გვრჩება ცოცხალი ასეთი – როგორც ჩვენს გვერდით, ისე მტერთან… ამიტომაც მიდის კაცობრიობა სულ უკან და უკან, ამიტომაც გვეცლება ასეთ ხალხთან ერთად ჩვენი ფასეულობები, ტრადიციები ხელიდან…
პრობლემა ჩვენშია და არა ხელისუფლებებში… ამ ხელისუფლებებსაც ხომ ჩვენ ვირჩევთ…

ირინა სარიშვილი

banner
წინა სტატიაშიენგურის ხიდზე მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაყარაბახი, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის განახლების ზღვარზეა…