პრემიერი ალასანიას განცხადებაზე – ძალიან ვწუხვარ, რომ სახელმწიფოებრივი საკითხებით ხდება სპეკულირება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მისთვის არ არის საინტერესო ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებზე კომენტარის გაკეთება.
“ეს არის ტყუილი და ძალიან ვწუხვარ, რომ სახელმწიფოებრივი საკითხებით ხდება სპეკულირება, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება ნერგავს საერთაშორისო სტანდარტებს, ის რაც არის მსოფლიოში, განვითარებულ და დემოკრატიული სახელმწიფოებში.
“სულ რამდენიმე დღის წინ, ამერიკის სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს წაუყენეს ბრალი კორუფციური ბრალდების მუხლით. მენენდესი პასუხისგებაში იქნა მიცემული. შესაბამისად, ჩვენს მთავრობას აქვს გაცხადებული, რომ ჩვენ არავის არ დავაყენებთ კანონზე მაღლა. არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს პრივილეგირებული, იქნება ეს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრი თუ სამინისტროს თანამშრომელი. ერთხელ და სამუდამოდ ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ არავინ არ დგას და ვერავინ დადგება კანონზე მაღლა. ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი და ჩვენი მთავარი მიდგომა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს განაცხადა, რომ ფუნდამენტური თავდაცვითი შესაძლებლობის შეძენაზე საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ათქმევინეს უარი.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა იმ კავშირზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებით საფრანგეთში გაფორმებულ მემორანდუმსა და ე.წ. კაბელების საქმეს შორის არსებობს.
“მაშინ როდესაც მე, 27 ოქტომბერს საფრანგეთში ჩავედი და კოლეგასთან შეხვედრა მქონდა, მეორე დღეს, 28-ში, დილით შესაბამის ინდუსტრიებთან ხელმოწერა იგეგმებოდა, მე დამირეკეს და გადმომცეს პრემიერ-მინისტრის სახელით, რომ ამ შეთანხმებაზე ხელი არ მომეწერა, არადა ყველა დეტალი შეთანხმებული იყო. იმ მომენტში, როდესაც უარი ვთქვი, რომ ამ არასწორ, უკანონო მითითებას დავმორჩილებოდი, მეორე დილით, როდესაც ხელმოსაწერად მივდიოდი, დაკავებულ იქნა თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი იმ იმედით, რომ მე ჩემს სწორ განზრახვაზე უარს ვიტყოდი. მე ვთქვი და გავიმეორებ _ ისინი კარგად არ მიცნობენ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიჯოჯოხეთის საქანელა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაგიგი უგულავას საპატიმრო ვადასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს