პრეზიდენტის ადმინისტრაცია “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტზე მოტივირებულ შენიშვნებს ამზადებს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებების ხელმოწერას არ აპირებს და ვეტოს დადებისთვის ემზადება.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მოტივირებულ შენიშვნებზე მუშაობს. მისი თქმით, შემუშავებულია კანონპროექტის სამუშაო ვერსია. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის შემადგენლობაში რჩება. მისივე თქმით, ახალი კანონპროექტის სამუშაო ვერსია ასოცირების დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება.
“გუშინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვიდა საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე. აღნიშნული ცვლილებებით გათვალისწინებულია საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფა. ჩვენი მხრიდან არაერთხელ გამოითქვა ნეგატიური პოზიცია ორი ძირითადი მიმართულებით, პირველ რიგში, პროცესზე ჩვენ ყურადღებას ვამახვილებდით, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც იყო ასოცირების დღის წესრიგის დარღვევა და საქართველოს მთავრობის განკარგულების დარღვევა. შინაარსთან დაკავშირებით ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი პროფესიული არგუმენტი, თუ რატომ ხდებოდა საქართველოს ეროვნული ბანკიდან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმატებულად შეფასებული საბანკი ზედამხედველობის გამოყოფა. დღეს როდესაც ვეცნობით უკვე მესამე მოსმენით მიღებულ ჩვენთვის გამოგზავნილ კანონს, დღესაც ნათლად ჩანს, რომ დღემდე არის პასუხგაუცემელი კითხვები”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის დავალებით, იგი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა პროცესს და ყველა შესაბამის ეტაპზე ადმინისტრაციის მხრიდან ძალიან ღიად იყო დაფიქსირებული პოზიცია. მისივე თქმით, დღესაც აცხადებენ, რომ კანონი სერიოზულ პრობლემას უქმნის ფინანსურ სტაბილურობას.
“გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარმოდგენილ ცვლილებებს აფასებს ნეგატიურად, წარმოდგენილ კანონზე მოტივირებული შენიშვნების თანახმად, ჩამოყალიბდა ახალი კანონის პროექტის სამუშაო ვერსია, რომელიც მომავალში უნდა გაეგზავნოს პარლამენტს. ახალი კანონის სამუშაო ვერსია ჩამოყალიბდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორი პროგრამის – “სეიფგარდის” და “ევსაპის” რეკომენდაციაზე დაყრდნობით. ამავდროულად პრეზიდენტის დავალებით ვიწყებთ თითქმის 10-დღიან პროცესს, რათა ვაწარმოოთ შესაბამისი კონსულტაციები ახალი კანონპროექტის სამუშო ვერსიასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, ახალი კანონპროექტის სამუშაო ვერსიას ეფექტური კონსულტაციების უზრუნველყოფის მიზნით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების თანახმად გაუგზავნის ევროკავშირის წარმომადგენლობას. ამავდროულად ახალი კანონპროექტის სამუშაო ვერსია გაეგზავნება საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს, აზიის განვითარების ბანკსა და მსოფლიო ბანკს. მისივე თქმით, 10 დღის ვადაში კანონპროექტთან დაკავშირებით იგი გამართავს კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორთან, ეკონომიკის ექსპერტებთან, ბიზნესასოციაციებისა და ბანკების წარმომადგენლებთან. აბაშიშვილის განცხადებით, პროცესის ბოლოს მომავალი კვირის განმავლობაში იგი ეროვნული ბანკის უმაღლეს ორგანოს წევრებთან, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოსთან შეხვედრებს გამართავს.
“პრეზიდენტი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას და თავად გააკეთებს კომენტარს ვეტოსთან დაკავშირებით”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკოდუები და ახალაიები დამოყვრდნენ, არის თუ არა ეს გვარებს შორის დაპირისპირების დასასრული
შემდეგი სტატიალევან ბობოხიძე და ზვიად ჯიბუხაია პრეზიდენტმა შეიწყალა