,,პოპულიზმი არ კლავს, მაგრამ აღარიბებს,, – მამუკა კუდავა

„ოცნების“ 24% უბრალო ვარდნა კი არა, უბრალოდ ფიასკოა.
ბევრი მსგავსი მაგალითი არსებობს მსოფლიოში, როცა პოპულიზმით მოსული მთავრობები მალე კოტრდება. ერთ კლასიკურ მაგალითს გავიხსენებ მხოლოდ: ძალიან გავს ჩვენს ვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ არც საქართველოა საფრანგეთი და არც ივანიშვილი – მიტერანი.
1981 წელს პირველი სოციალისტი პრეზიდენტის არჩევით საფრანგეთში პოპულისტური ეკონომიკური პოლიტიკა დაიწყო: ნაციონალიზაცია, სიმდიდრის გადასახადის შემოღება, სოციალური დახმარებების გაზრდა, საპენსიო ასაკად 60 წლის დაწესება, შვებულების მეხუთე კვირის ანაზღაურება, კვირაში მაქსიმუმ 39 საათიანი სამუშაო და სხვა მემარცხენე რეფორმები. შედეგად, უკვე 2 წელში ეკონომიკამ დაკარგა ნდობა, მოხდა ინვესტიციების მნიშვნელოვანი გადინება, გაიზარდა ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი, ფრანკი რამდენჯერმე გაუფასურდა, მთავრობამ ხელოვნურად დააწესა ლიმიტი ფასებზე – ხაზინა დაცარიელდა. მეტიც, როგორც კლოდ დე კემულარია (წარმოშობით ქართველი, მიტერანთან დაახლოებული ბანკირი, შემდგომ საფრანგეთის ელჩი გაეროში) მეუბნებოდა, რამდენჯერმე მიტერანის თხოვნით ფრანგი ფინანსისტები და ბანკირები მეგობარ არაბულ ქვეყნებში ჩავდიოდით ნაღდი ფულის წამოსაღებადო.
1983 წელს მიტერანი იძულებული გახდა, რადიკალურად შეეცვალა მემარცხენე მიდგომა ე.წ. გამკაცრების ანუ ქამრების შემოჭერის ეკონომიკური პოლიტიკით – ახლახანს ნაციონალიზებული საწარმოების კვლავ პრივატიზაცია, ფინანსური ბაზრის ნაწილობრივი დერეგულაცია, ხელფასების ზრდის შემცირება და სხვა მემარჯვენე რეფორმები.
მსგავსი რამ ხდება 2012 წლის შემდეგ მეორე სოციალისტი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის არჩევის შემდეგ, რომლის პოპულარობა სტაბილურად 20%-ის ფარგლებშია უკვე ორი წელია.
და თუ მდიდარი საფრანგეთი ვერ უძლებს პოპულისტურ ეკონომიკურ პოლიტიკას, ღარიბი საქართველო როგორღა შეძლებს გადარჩენას? თან საფრანგეთისგან განსხვავებით არაკომპეტენტური მთავრობის და 2030-ის დამბოლებელი ექსპერტების ხელში, რომლებიც წარმატებებით ბაქიაობენ? პოპულიზმი არ კლავს, მაგრამ აღარიბებს. ჯერჯერობით 30%-ით გაგვაღარიბა, მაგრამ ეს შესაძლოა გაცილებით მეტიც გახდეს,, წერს საფრანგეთი საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: შეუძლებელია ანუგეშო ამ საშინელი ტრაგედიის ჭირისუფალნი
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო შსს-ს მინისტრი გადააყენეს…?