“პოლიციელის მკვლელობა სახელმწიფოს მიმართ ხელის აღმართვაა”

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

პოლიციელის მკვლელობა სახელმწიფოს მიმართ ხელის აღმართვაა, რაც არავის შერჩება!”-ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ თბილისში პოლიციელების მიმართ ცეცხლის გახსნის ფაქტს, რომლის შედეგადაც ერთი მათგანი გარდაიცვალა. ღარიბაშვილი სპეციალურ განცხადებას facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს და დამნაშავის უმკაცრესად დასჯაზე საუბრობს.

“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ პოლიციის თანამშრომლის ბექა მარგიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დამნაშავის ტყვიამ იმსხვერპლა. პატივს მივაგებ მის ხსოვნას. ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, თანავუგრძნობ პოლიციის მთელ პირად შემადგენლობას.

მძიმედ არის დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი.

ეს საზარელი დანაშაული აუცილებლად გაიხსნება და დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს,”-აღნიშნულია გაცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ ვარკეთილში მოხდა. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მათგანი, ბექა მარგიშვილი გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს კი მკურნალობა უტარდება.

მომხდარზე გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიანი ნადარეიშვილი:-„არ გინდათ ეგ ყალბი ცრემლები ახლა, გულის ამრევია!“
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის მკვლელობაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს