პეტრე ცისკარიშვილი სტატისტიკის დეპარტამენტს ციფრების გაყალბებაში ადანაშაულებს

პეტრე ცისკარიშვილი:საქართველო შედის ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი სტატისტიკის დეპარტამენტს ციფრების გაყალბებაში ადანაშაულებს.
როგორც პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მაშინ, როდესაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი “ოცნების” მთავრობა პოლიტიკური ოპონენტების ციხეში ჩასმით არის დაკავებული, ქვეყნის ეკონომიკა განაგრძობს კატასტროფულ ვარდნას.
“საზოგადოებამ იცის, როგორ უფასურდება ვალუტა, მე მინდა, ყურადღება გავამახვილო სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ ციფრების და მონაცემების კიდევ ერთხელ გაყალბებაზე. ისინი აყალბებდნენ თვიდან თვემდე დღგ-ს მონაცემებს, რითაც ცდილობდნენ მთლიანი შიდა პროდუქტის ჯამური მონაცემის ფალსიფიკაციას და გაყალბებას. ახლა გადავიდნენ სხვა მეთოდიკაზე. ინვესტიციად აფორმებენ იმპორტირებულ საქონელს, ის, რაც აქ არსებულმა კომპანიებმა, მათ შორის, კავშირგაბმულობის კომპანიებმა იშოვეს ლარში და მოახდინეს ამ თანხის რეინვესტირება საკუთარ კაპიტალში, რაც თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ეს არის რეინვესტიცია აქაური კომპანიის და არა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამ დაბანდებებით ჩანს, თითქოს ქვეყანაში შემოედინება ჯერ კიდევ ძალიან დიდი რაოდენობით ინვესტიცია, მაშინ ჩნდება კითხვის ნიშანი, რა ემართება ლარს და რატომ განიცდის დევალვაციას”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობა აცხადებს, თითქოს ქვეყანას აქვს 2-3-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა.
“ეს გასაგებ ენაზე ნიშნავს იმას, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე საშუალოდ უნდა მდიდრდებოდეს 2-3 პროცენტით შარშანდელთან შედარებით. თუმცა, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მოსახლეობა არის კატასტროფულად გაღარიბებული. დოლარში რომ გადავიყვანოთ შარშანდელი პირველი ორი კვარტლის, პირველი რვა თვის ეკონომიკა და შევადაროთ 2015 წლის რვა თვის ეკონომიკას, ჩვენ ვნახავთ, რომ რეალურად დოლარში გვაქვს 10-11 პროცენტიანი ვარდნა და თუ დოლარიზაციის
კოეფიციენტს შევიტანთ ამ ფორმულაში, გამოდის, რომ რეალურად ხალხი დაახლოებით 6,5-7 პროცენტით გაღარიბდა”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიანვარ-აგვისტოში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 %-ით შემცირდა
შემდეგი სტატიაფოთში სოციალურად დაუცველები აქციას მართავენ