პატრიარქი ოსი ეროვნების მოქალაქეებს მიმართავს – ვერაფერი ძალა ვერ შეარყევს ჩვენს ძმობას

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებს

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ ძმები და ვერანაირი ძალა ვერ შეარყევს ჩვენს ძმობას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა და ტაძარში მყოფ ვლადიკავკაზიდან, ცხინვალიდან, ახალგორიდან ჩამოსულ ოსებს მიმართა.
პატრიარქმა ქადაგების დასაწყისში აღნიშნა, რომ დღევანდელი დღესასწაული გამორჩეულია. დღესასწაულმა დღეს ტაძარში რამდენიმე ერის წარმომადგენელი ერთად შეკრიბა. პატრიარქის თქმით, ეს არის წმინდა ადგილი, სადაც ჩვენი დიდი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა განისვენებენ.
“ეს არის ადგილი, სადაც მუხლი მოუდრეკია ბევრ მეფეებს, დაღვრილა ბევრი სისხლი და ცრემლი. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. სტუმრად არიან ისრაელიდან, წმინდა მიწიდან არაბი სასულიერო პირები, პეტერბურგიდან – ქართველები და რუსეთის წარმომადგენლები. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ ტაძარში იმყოფებიან ოსები, ვლადიკავკაზიდან, ცხინვალიდან, ახალგორიდან და სხვა პირები. ჩვენ გულით მოგესალმებით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ ძმები და ვერაფერი ძალა ვერ შეარყევს ჩვენს ძმობას”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა ფერიცვალების დღესასწაულზეც ისაუბრა. უწმინდესის თქმით, გოლგოთა და ჯვარცმა იყო მოახლოებული და მოციქულების რწმენაში განსამტკიცებლად უფალმა სამი მოციქული, პეტრე, იაკობი და იოანე თაბორზე წაიყვანა, სადაც მას მოსე და წმინდა ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადა, ფერი იცვალა, გაბრწყინდა.
“ეს იყო ის ბრწყინვალება, რომლის ატანა შეეძლო მოციქულებს. ეს არ იყო უფლის მთლიანი ნათება. ეს იყო ნაწილი. უფლის მთლიანი ნათება, რომ დაენახათ მოციქულებს, ცოცხალი ვერ დარჩებოდნენ. დღეს ჩვენ უფალი მოგვიწოდებს ფერიცვალებისაკენ. ჩვენ უნდა ვიცვალოთ ფერი. ჩვენ დღეს უნდა ვიყოთ უკეთესი, ვიდრე ვიყავით გუშინ და გუშინწინ. ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი ცოდვა, ნაკლი”, – განაცხადა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, დღევანდელი დღე არის ბუნებისა და ადამიანის ფერიცვალების დღე.
პატრიარქმა შესთხოვა უფალს, მოუვლინოს სულიწმინდის მადლი, ნაკლულევანთა აღმავსებელი.
“მადლი სულისა წმინდისა ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენთაგანის სახელი დაწერილი იყო “წიგნსა ცხოველისასა”.
პატრიარქის შემდეგ მრევლს ტაძარში მყოფმა წმინდა იოაკიმეს და ანას სახლის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მენეხიოსმა მიმართა. მისივე თქმით, იგი არის არაბი მართლმადიდებელი გალილეადან, რომელსაც საქართველოში დღეს 50 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩამოყვა. არქიმანდრიტმა საუბრისას აღნიშნა, რომ მეხუთედ იმყოფება საქართველოში და იღებს პატრიარქის ლოცვა-კურთხევას, რისთვისაც მადლობა გადაუხადა.
არაბმა არქიმანდრიტმა აღნიშნა, რომ არ არსებობს საკმარისი ოქრო და ძვირფასეულობა, რომ მადლობა შეწიროს საქართველოს პატრიარქს მისი მსახურებისათვის. არქიმანდრიტმა მენეხისმა უწმინდესს საჩუქრად გადასცა ღვთისმშობლის შობის ადგილიდან წამოღებული წმინდა ნაწილი.
უწმინდესმა ერთი მხრივ, მადლობა გადაუხადა არქიმანდრიტ მენეხიოსს საჩუქრისათვის და აღნიშნა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ამ წმინდა ნაწილს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
“ღმერთმა მადლი დაგიბრუნოთ”, – განაცხადა პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაში“სააკაშვილის მოქალაქეობას კანონი გაარკვევს”
შემდეგი სტატიასკანდალი – ხორბლის მაფიის შეთქმულება ივანიშვილ-ღარიბაშვილის წინააღმდეგ