პასუხი უნდა აგოს ხელისუფლებამ- “თავისუფალი დემოკრატების” განცხადება

ფრაქცია

ირაკლი ალასანია“თავისუფალი დემოკრატები” დღეს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურებიან და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ:

“13 ივნისს მომხდარის შემდეგ ჩვენ, ,,თავისუფალ დემოკრატებს“, არ გაგვიკეთებია არც ერთი პოლიტიკური განცხადება. სხვა, ათასობით ადამიანთან ერთად, ჩვენც,
შეძლებისდაგვარად ვმონაწილეობდით დაზარალებულთა დახმარების სპონტანურ სამოქალაქო მოძრაობაში.
ბუნების ძალასთან დაპირისპირების და სტიქიური უბედურების შედეგებთან ბრძოლის დროს, არავის აქვს პოლიტიკური ანგარიშსწორების უფლება. ასეთ ვითარებაში არავის აქვს გამოძიების გარეშე, თუნდაც სავარაუდო დამნაშავეების დასახელების უფლება, რადგან ეს
არა მარტო უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა, არამედ შეიძლება ნიშნავდეს მომხდარისგან შეძრწუნებული და წონასწორობადაკარგული ხალხის წაქეზებას, კონკრეტული ადამიანებისა და ჯგუფების წინააღმდეგ. მაგრამ, არსებითად განსხვავებულია დღეს მომხდარი უბედურება. 17 ივნისს სამსახურში მისული ადამიანი მოკლა ზოოპარკიდან აქცეულმა გარეულმა ცხოველმა, რომელმაც თურმე მთელი ოთხი დღე გაატარა ქალაქის ქუჩებში ისე, რომ შეუმჩნეველი დარჩა მათ,
ვისაც მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა ევალება. ყოველგვარი გამოძიების გარეშე ცხადია, რომ ამ ტრაგედიის მიზეზი არის ხელისუფლება; ხელისუფლების მხრიდან
დაუშვებელი იყო გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება. გასულ დღეებში არაერთხელ გაჟღერდა, რომ არც ერთი გარეული ცხოველი აღარ არის დარჩენილი ზოოპარკის
ვოლიერებს გარეთ და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. ეს იყო დამღუპველი დაუდევრობით გაკეთებული განცხადება. და მას
ტელევიზიით ერთხმად იმეორებდნენ მთავრობის წევრები.
იმის საჩვენებლად, რომ სტიქიური უბედურების შედეგად შექმნილ ვითარებას საქართველოს მთავრობა უნაკლოდ აკონტროლებს, მთავრობის მეთაური შეუვალი კატეგორიულობით იმეორებდა დაუზუსტებელ ინფორმაციას მტაცებელი ცხოველების შესახებ. ეს მოდელირებული უსაფრთხოება ოთხი დღის განმავლობაში სასწორზე აგდებდა
და იმეტებდა ასობით მოხალისე ახალგაზრდის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც შრომობდნენ ზუსტად იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ამ დილით მტაცებელმა ადამიანი იმსხვერპლა.
კიდევ უფრო ამძიმებს მთავრობის პასუხისმგებლობას მისი მცდელობა, მომხდარში ზოოპარკის დირექტორი დაადანაშაულონ, მათთვის არასწორი ცნობების მიწოდების გამო. ხელისუფლების მოვალეობაა მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყოველი ცნობის შემოწმება და დაზუსტება. ამავე დროს ისიც ფაქტია, რომ ზოოპარკის დირექტორი და თანამშრობლები საჯაროდ, ტელევიზიით ამბობდნენ, რომ რამდენიმე გარეული ცხოველის ბედი ჯერაც გაურკვეველი იყო.დღეს მომხდარი ტრაგედიისა და მანამდე, მთელი ოთხი დღის განმავლობაში უამრავი ადამიანის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების გამო პასუხი უნდა აგონ, პირველ რიგში, უმაღლესი თანამდებობის პირებმა. საზოგადოების თვალწინ ჩადენილი ეს დანაშაული ისევე აშკარაა, როგორც ყველასთვის ცნობილია დამნაშავეების ვინაობა. ვიდრე ისინი კანონის წინაშე აგებენ პასუხს, მათთვის მორალური პასუხისმგებლობის დაკისრება და პასუხის მოთხოვნა არათუ დაუყოვნელად შეგვიძლია, არამედ მოვალენიც ვართ, რომ ასე მოვიქცეთ” ნათქვამია “თავისუფალი დემოკრატების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლო მოსამართლის მიერ ალასანიასგან ქრთამის აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
შემდეგი სტატიადღეს დილით ზურაბ გურიელიძემ შს სამინისტროს მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია, რომ ზოოპარკი ვერ პოულობდა კიდევ ერთ ვეფხვს