პარლამენტში “ეროვნული ბანკის” ქმედებებზე მსჯელობა იწყება

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ქვეყანაში შექმნილ სავალუტო კრიზისზე პასუხისმგებლობას “ეროვნულ ბანკს” და მის ხელმძღვანელობას აკისრებენ და აცხადებენ, რომ ბანკმა პროცესებში ინტერვენცია დააგვიანა.

„როცა მთავრობას „ნაციონალური მოძრაობა“ აკრიტიკებს და სიცრუის ტირაჟირება ხდება, მაშინაც ამოიღოს ქადაგიძემ ხმა და ობიექტური პოზიცია დაიკავოს. ქადაგიძეს ხელს არავინ არაფერში არ უშლის. პირიქით, არაერთხელ გვითქვამს, რომ “ეროვნულმა ბანკმა” ყველაფერი უნდა გააკეთოს ლარის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის,“ – განაცხადა დეპუტატმა, ზურაბ ტყემალაძემ.

მისი თქმით, სავალუტო რეზერვების გამოყენება აუცილებელია ვალუტის კურსის ვარდნის პროცესში, თუმცა ეს ინტერვენცია უნდა იყოს დროული.

„მნიშვნელოვანია, რომ თავის დროზე გადაიდგას ის ნაბიჯი, რაც საჭიროა,“ – განმარტავს ტყემალაძე.

იგივე პოზიცია აქვს დეპუტატ გოგი თოფაძეს. მისი თქმით, “ეროვნული ბანკი” ვალდებული იყო, გამოეყენებინა თავისუფალი რეზერვები და შედეგად მოხდებოდა კურსის შენარჩუნება.

გოგი თოფაძე სავალუტო კრიზისის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს სპეკულაციად აფასებს.

“ეროვნული ბანკის” პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთანხმებულ კამპანიას უარყოფს უმრავლესობის კიდევ ერთი ლიდერი, ეკა ბესელია. მისი თქმით, არანაირი შეთანხმება ბანკის და მისი ხელმძღვანელის წინააღმდეგ არ არსებობს და არცერთი განცხადება არ გაკეთდება უსაფუძვლოდ.

„არავის არ აქვს მიზნად დასახული შეგნებულად და წინასწარი შეთანხმებით მოხდეს “ეროვნული ბანკის” მისამართით ბრალდებების გაჟღერება ისე, რომ ამას საფუძველი არ ჰქონდეს. ამას სჭირდება სიღრმისეული ანალიზი და დეტალურად შესწავლა, ყველა საშუალება იყო თუ არა გამოყენებული, რაც “ეროვნული ბანკის” პირდაპირ უფლებამოსილებაში შედის,” – აცხადებს ეკა ბესელია.

მისივე თქმით, “ეროვნული ბანკის” ქმედებებზე, შესაძლოა, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელონ.

banner
წინა სტატიაშინინო გოგუაძე: მისი წილი პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკზეც არის
შემდეგი სტატიარა ხდება სავალუტო ჯიხურებში?