პარლამენტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე სექტემბრის დასაწყისში იმსჯელებს

პარლამენტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტოს დაძლევაზე სექტემბრის დასაწყისში იმსჯელებს. როგორც ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების”‘პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობას სწორედ სექტემბრის პირველ ნახევარში დაუბრუნდება.
“იმაში, რომ ჩვენ ვეტოს დავძლევთ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ არსებული სახით წარმოდგენილი ალტერნატიული წინადადება არ არის მისაღები, ალბათ, ეჭვი არავის ეპარება. მე საერთოდ ვერ ვხედავდი ვეტოს გამოყენების აუცილებლობას, როცა წინასწარ იყო ცნობილი, რომ იგი აუცილებლად იქნებოდა დაძლეული. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილია გათვალისწინებული. ჩვენ კიდევ ერთხელ მივუბრუნდებით ამ საკითხს სექტემბრის პირველ რიცხვებში, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შევძლოთ და არც ერთი შეკითხვა არ დარჩეს ამ პროცესთან დაკავშირებით”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მმართველი გუნდის წევრის განმარტებით, სექტემბერში პარლამენტი გეგმავს, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციების დარჩენილ ნაწილზეც იმუშაოს.
“ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ კიდევ დამატებითი რეკომენდაციები გავიზიაროთ სექტემბრის პირველ რიცხვებში და მაქსიმალურად შევძლოთ იმ რჩევების გათვალისწინება, რასაც ვისმენთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტებისგან”, – აღნიშნა მმართველი გუნდის წევრმა.

banner
წინა სტატიაშიპარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”‘არჩევნებისთვის მზადებას იწყებს
შემდეგი სტატია“ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს”‘რამდენიმე რეგიონულ ორგანიზაციაში ახალი თავმჯდომარე ეყოლება