პარაოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს

პარაოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი ლელა აფციაური და ყოფილი ხელმძღვანელობა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელის შეიტანს აპირებს. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების რეგისტრაციის შეჩერებას მოითხოვენ. საუბარია უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ყრილობის შედეგები, როდესაც მაშინდელი ხელმძღვანელობა გადაირჩიეს და ლელა აფციაურის ხელმძღვანელობით ახალი აირჩიეს, გაუქმდა. უზენაესმა სასამართლომ 30 იანვრის გადაწყვეტილებით, 2012 წელს ჩატარებული ყრილობის შედეგები პროცედურული დარღვევების გამო უკანონოდ ცნო, რის შედეგადაც მაშინდელი ხელმღვანელობა გიორგი ჩაკვეტაძის პრეზიდენტობით თანამდებობებზე დაბრუნდა.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პროცედურული დარღვევებით მოახდინა სასამართლოს გადაწყვეტილების რეგისტრაცია, რამაც აფციაურის და მისი გუნდის წინააღმდეგ იმოქმედა.
“იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კანონის უხეში დარღვევით დაარეგისტრირა სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ უნდა მიგვეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა თუმცა საშუალება არ მოგვეცა. ასევე არ იყო წარდგენილი ის საჭირო დოკუმენტები, რომელიც საჭირო იყო რეგისტრაციისთვის. ამ პროცედურების დაცვის შემთხვევაში მოგვეცემოდა საშუალება ჩაგვეტარებინა ახალი საერთო კრება იმ ხარვეზების გათვალისწინებით, რომელიც სასამართლომ დაადგინა და კრება მიიღებდა გადაწყვეტილებას თუ ვინ იქნებოდა პრეზიდენტი და ვინ იქნებოდა ხელმძღვანელობაში. თუმცა ასე არ მოხდა. საჯარო რეესტრმა ყველანაირი ვადებისა და პროცედურების დარღვევით, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 45 წუთში მოახდინა რეგისტრაცია”, – აღნიშნა გაბუნიამ.
ლელა აფციაურის თქმით კი, კიდევ ერთი საჩივარი სასამართლოში შევა იმასთან დაკავშირებით, რომ პარაოლიმპიურ კომიტეტში მისი მოწინააღმდეგე მხარე კარების ჩამტვრევით, კანონის დარღვევით შეიჭრა. მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ, იქამდე სანამ პარაოლიმპიურ კომიტეტს ხელმძღვანელობდა, პარაოლიმპიური სახეობები განვითარდა და საზოგადოებისთვის ცნობადი გახდა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია ადასტურებს, რომ გიორგი მოსიძე შესაძლოა “ქართული ოცნების” წევრი გახდეს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავს