პაატა ზაქარეიშვილი: ბოლო 22-23 წლის განმავლობაში საქართველოში ასეთი მშვიდობიანი პერიოდი არ ყოფილა

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა, მუშაობის სამწლიანი პერიოდი შეაჯამა. მისი თქმით, ბოლო 3 წელს, თამამად შეიძლება ეწოდოს ყველაზე მშვიდობიანი პერიოდი.

ზაქარეიშვილის თქმით, მისი სამინისტროს წარმატებაზე საუბარი ნაადრევია, ვიდრე არ მოხდება კონფლიქტურ რეგიონებთან შერიგება, თუმცა აღნიშნავს, რომ ბოლო სამი წელი ქვეყნისთვის მშვიდი იყო.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს აღარ ჰყავს დამატებითი დევნილი და არც კონფლიქტის ფარგლებში დაღუპული ადამიანები.

“წარმატებაზე საუბარი ზედმეტია და ამაზე ვერც ვილაპარაკებთ, ვიდრე საბოლოოდ არ მოხდება შერიგება ქართველი, ოსი და აფხაზი საზოგადოების, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მშვიდობის სამი წელიწადი. ასეთი მშვიდობიანი პერიოდი, როდესაც ერთი დაღუპული ადამიანი არ არის, როცა ერთი დამატებითი დევნილი არ გვყავს, დამატებითი სოფელი და ქალაქი არ დაკარგულა პრაქტიკულად არ ყოფილა ბოლო 22-23 წლის განმავლობაში საქართველოში. ამიტომ, ეს არის რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი შედეგი, რაზეც მომავალში უკვე შეიძლება დაფუძნდეს არამარტო მშვიდობიანი პერიოდი, არამედ განვითარების და შერიგების გარკვეული პროცესები. ამ სამწლიანმა მშვიდობიანმა პერიოდმა მოგვიტანა მეტი ჩართულობა და მეტი ნდობა აფხაზური და ოსური საზოგადოებებისა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ასეთი ინტენსიური, მრავალფეროვანი, მდგრადი არ ყოფილა აფხაზური და ოსური საზოგადოების ინტერესები დანარჩენი საქართველოს მიმართ და იმ სიკეთეები მიმართ, რასაც სთავაზობს მას საქართველო, როგორც სახელმწიფო. გაიზარდა ჯანდაცვის მიმართ ინტერესი როგორც სოხუმიდან ასევე ცხინვალიდან”,-განაცხადა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: ივანიშვილს, ყველაზე დემოკრატიული არჩევნების პირობებშიც კი, გამარჯვების შანსი არ აქვს
შემდეგი სტატიადავით ნარმანია NDI-ის კვლევის შედეგებს ჯერ არ გაცნობია