ოცდამეხუთე საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ ქვემო ნატანებში გაიხსნა

ოცდამეხუთე საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ ქვემო ნატანებში გაიხსნა

დღეს, 20 ივლისს, რიგით ოცდამეხუთე საზოგადოებრივი ცენტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანებში გაიხსნა. ახლად აშენებული საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.
საზოგადოებრივი ცენტრის საზეიმო გახსნას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა შეეძლება, რაც მათ რაიონულ ცენტრამდე ტრანსპორტირების თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს. საზოგადოებრივი ცენტრის საშუალებით, მომხმარებელს დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება, ქონების რეგისტრაცია და საბანკო მომსახურებით სარგებლობა ადგილზე, სოფლიდან გაუსვლელად შეეძლება. უკვე არსებული საზოგადოებრივი ცენტრების მსგავსად, ქვემო ნატანების საზოგადოებრივი ცენტრის უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში მოსახლეობას ადგილობრივი, მაღალკვალიფიციური კადრები მოემსახურებიან.
აღსანიშნავია, რომ ახლადგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრი, ქვემო ნატანებთან ერთად მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებსაც, 10 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც, რომელიც ლიტერატურის მოყვარულებს საინტერესო და მრავალფეროვან არჩევანს სთვაზობს. საზოგადოებრივი ცენტრების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის და მათ საშუალებას მისცემს კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიება.
ქვემო ნატანების საზოგადოებრივი ცენტრის გარდა საქართველოში უკვე მოქმედი 24 საზოგადოებრივი ცენტრია. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება ცენტრების მეშვეობით უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდას, ფოკას, ნიგოითის, ჯვარის, შორაპანის, ყვარელწყალის/დუისის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის, ღორეშას და კაზრეთის, შილდას და ორსანტიას მოსახლეობას.

banner
წინა სტატიაშიკოსოვოს დელეგაციას ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცემა
შემდეგი სტატიაპოეზიის საღამო დევნილთა ახალ ჩასახლებაში