ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნიდან კაპიტალის გადინება 2013 წლიდან გაიზარდა

2015 წლის პირველ და მეორე კვარტალში საქართველოდან 444 მლნ აშშ დოლარი გავიდა, – ამის შესახებ ნათქვამია გაზეთ “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებულ სტატიაში.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, 2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 530 მილიონი დოლარი შემოვიდა, მაგრამ ამავე პერიოდში 175 მილიონი გავიდა და ესეც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 2-3 წელიწადში.
“თუ ფულადი გზავნილების შემცირება შეიძლება გახდეს დოლარის დეფიციტის მიზეზი, რატომ არ შეიძლება, კაპიტალის გასვლა, რომლის თვიური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება გზავნილებს, დოლარის მასის შემცირებას იწვევდეს? მაგალითისთვის გეტყვით, რომ მართალია, 2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 530 მილიონი დოლარი შემოვიდა, მაგრამ ამავე პერიოდში 175 მილიონი გავიდა და ესეც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 2-3 წელიწადში. კაპიტალის გადინება 2013 წლიდან იზრდება, ძირითადად, ოფშორულ ზონებში. მაგალითად, იმავე წელს მხოლოდ კვიპროსში 106 მილიონ დოლარზე მეტი გაიტანეს, სულ კი, წლის განმავლობაში, ქვეყნიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი გავიდა. დაახლოებით, ამდენივე გაიტანეს 2014 წელსაც. საჯარო რეესტრის მონაცემებს თვალს თუ გადავავლებთ, დავინახავთ, რომ ბევრი დიდი კომპანია, განსაკუთრებით კი ის კომპანიები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების წევრებსა და მათთან დაახლოებულ პირებს უკავშირდება, კვიპროსში, კაიმანის კუნძულებსა და სხვა ოფშორულ ზონებშია დარეგისტრირებული. ამიტომ ჩნდება ეჭვი – ბევრ სხვა გარე ფაქტორთან ერთად, საქართველოდან კაპიტალის გატანა ხომ არ უწყობს ხელს დოლარზე მოთხოვნის ზრდასა და ლარის გაუფასურებას?”, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან იაპონიაში 45 მილიონი აშშ დოლარი გავიდა, უკრაინაში – 25 მლნ აშშ დოლარი, ვირჯინიის კუნძულები (დიდი ბრიტანეთი) – 25 მლნ აშშ დოლარი, კვიპროსი – 15.5 მლნ აშშ დოლარი, კაიმანის კუნძულები – 7 მლნ აშშ დოლარი, აშშ – 4.6 მლნ აშშ დოლარი. 2015 წლის პირველ და მეორე კვარტალში საქართველოდან სხვადასახვა ქვეყანაში ჯამში 444 მლნ აშშ დოლარი გავიდა.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური სკამდალურ ინფორმაციას აქვეყნებს და მოსამართლეს მიმართავს
შემდეგი სტატიაკახეთში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი 17 მლნ ლარამდეა