ომბუდსმენმა ყველაზე მეტი რეკომენდაციით მთავარ პროკურატურას, სასჯელაღსრულებისა და შს სამინისტროებს მიმართა

სახალხო დამცველმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” 2014 წელს გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების შესახებ ჩატარებული კვლევა წარმოადგინა. ანგარიში მოიცავს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სხვადასხვა უწყებისათვის გაგზავნილი რეკომენდაცია-წინადადებების შესრულების არა მხოლოდ სტატისტიკურ, არამედ ხარისხობრივ მაჩვენებლებს.
2014 წელს სახალხო დამცველმა სხვადასხვა უწყებებს – ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, ასევე თანამდებობის პირებს, 154 რეკომენდაცია და წინადადება გაუგზავნა, რომელთაგან მხოლოდ 35 შესრულდა. ნაწილობრივ შესრულდა – 22, არ შესრულდა – 47, პასუხი არ მიუღია 28-ზე. გასულ წელს ყველაზე მეტი – 40 რეკომენდაცია-წინადადება საქართველოს მთავარ პროკურორს გაეგზავნა, რომელთაგან 8 არ შესრულებულა, 9-ზე პასუხი არ ყოფილა, დანარჩენი კი შესრულდა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ გაცემული რეკომენდაცია-წინადადებების აბსოლუტური უმრავლესობა, რაზეც სახალხო დამცველს პასუხი არ მიუღია, ეხება გამოძიების დაწყებას სხვადასხვა დარღვევის გამო. კერძოდ, არასათანადო მოპყრობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, სამართალდამცავი პირების ქმედებას და სხვა. კვლევის თანახმად, რეკომენდაცია-წინადადებების შესრულება ეფექტურობის მიხედვით ასე გადანაწილდა: სრული შედეგი დადგა 15 შემთხვევაში, ანუ გაითვალისწინეს რეკომენდაცია და მოხდა დარღვეული უფლებების აღდგენა. შედეგი არ დამდგარა 82 შემთხვევაში, ანუ არ გაითვალისწინეს რეკომენდაცია და არ მომხდარა დარღვეული უფლებების აღდგენა. შესრულების შესახებ დაპირება სახალხო დამცველმა მიიღო 18 შემთხვევაში, 4 საქმე სასამართლოშია და 12 შემთხვევაში მოხდა დარღვეული უფლებების ნაწილობრივი აღდგენა.
2014 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის მხრიდან, ყველაზე მეტი რეკომენდაცია-წინადადება გაიცა მთავარ პროკურატურაზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროზე და შინაგან საქმეთა სამინისტროზე.
საქართველოს პრეზიდენტს სახალხო დამცველმა მიმართა ორი რეკომენდაციით, რომელთაგან არც ერთი შესრულებულა, საქართველოს მთავრობაზე გაიცა 10 რეკომენდაცია, საიდანაც შესრულდა – 5, საქართველოს პროკურატურაზე გაცემული 40 რეკომენდაციიდან, არ შესრულებულა 8, შინაგან საქმეთა სამინისტროზე გაცემული 10 რეკომენდაცია-წინადადებიდან არ შესრულებულა არც ერთი. სასჯელაღსრულების სამინისტროს 16 რეკომენდაციიდან 4 არ აქვს შესრულებული. 4 რეკომენდაციიდან არც ერთი რეკომენდაცია-წინადადება არ შეუსრულებია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.
სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში ასევე საუბარია ამ მიმართულებით გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლება ფუნქციებს ვერ ასრულებს”- დავით თევზაძე საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია: არ უნდა მოვექცეთ რაღაც ისტერიაში