ოლიმპიური ცეცხლი თბილისშია- ესკორტმა ევროპის მოედანზე მიიტანა

ოლიმპიური ცეცხლი ესკორტმა ევროპის მოედანზე შემოიტანა. ევროპის მოედანზე ოლიმპიურ ცეცხლს “თბილისი 2015-ის” საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალეკო ახვლედიანი, ასევე ქალაქის მერი დავით ნარმანია და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი დახვდნენ.
ცეცხლის გადაცემის დროს ქალაქის მერმა ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ თბილისი მზად არის ოლიმპიადას ღირსეულად უმასპინძლოს. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ცეცხლი მეჩირაღდნეებს გადაეცათ, რომლებიც ოლიმპიურ ცეცხლს თავისუფლების მოედანზე მიიტანენ. მეჩირაღდნეების რიგებში არიან კალათბურთელი ანატოლი ბოისა, სპორტსმენი დავით ქაცარავა, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი, სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი, ჟურნალისტი დავით ერაძე, სპორტული კომენტატორი დავით მინაშვილი და მხატვარი ნიკუშა შენგელაია.
მას შემდეგ, რაც ცეცხლი თავისუფლების მოედანზე მივა, იგეგმება გრანდიოზული კონცერტი. ესტაფეტის დასასრულს, ბოლო მეჩირაღდნე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ოლიმპიურ ცეცხლს სცენაზე აიტანს და ჩირაღდანს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გადასცემს, რომელიც ცეცხლს დიდ თასში აანთებს.
თბილისში ოლიმპიური ცეცხლი ქობულეთიდან ჩამოვიდა. 52 დღის განმავლობაში ოლიმპიურმა ცეცხლმა საქართველოს მასშტაბით 67 მუნიციპალიტეტის ქალაქი და დასახლებულ პუნქტი მოიარა. ესტაფეტაში 700-მდე მეჩირაღდნემ მიიღო მონაწილეობა.
ოლიმპიური სიმბოლო – ცეცხლი საზეიმოდ 26 მაისს საბერძნეთის უძველეს ქალაქ ათენში აანთეს. ევროპის ახალგზარდული ოლიმპიური ფესტივალის ჩირაღდანი ქართულ კულტურასთან დაკავშირებული ელემენტებით არის გაფორმებული – ვაზის ფოთლები და ყურძენის მარცვლები.
თბილისში ოლიმპიური ცეცხლი თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურ ლამპარში მოათავსებენ და ნებისმიერს მიეცემა მისი ნახვის საშუალება.
26 ივლისს, ოლიპიური ფესტივალის გახსნის დღეს საპატიო მეჩირაღდნეები ცეცხლს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შემოიტანენ, იგი გახსნის ცერემონიალზე დიდ კაულდრონში აინთება და ფესტივალის დასრულებამდე იგიზგიზებს.
მე-13 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015” ჩატარდება საქართველოში, ქალაქ თბილისში, 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით. ფესტივალის განმავლობაში ქ. თბილისს 50 ქვეყნის 3800-მდე მონაწილე ეწვევა. ჯამში კი 10 000-მდე სტუმარი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ტაბლიაშვილი–”დანის პირზე სიარულისას ომი ცხელ ფაზაში არ უნდა გადავზარდოთ”
შემდეგი სტატიატუსკი ევროპაში რევოლუციის ჩრდილს ხედავს