„ოლიმპიური ვარსკვლავი“ პროკურატურას მიმართავს

ამხანაგობა ,,ოლიმპიური ვარსკვლავის“ წევრები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „თაიმერი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ამხანაგობა ,,ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებარე ობიექტი საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე, ერთ- ერთია მათ შორის, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდა წინა ხელისუფლების პირობებში და რომლის რეაბილიტაცია ჯერაც კიდევ ვერ ხერხდება. როგორც ჩანს ამ გაჭიანურებულმა პროცესებმა, გარკვეულ ჯგუფს გაუჩინა ინტერესი, სარგებელი ენახა ამ ისედაც დაზარალებული ობიექტისაგან.
უკვე წელიწადზე მეტია, ჩვენი ამხანაგობის წევრთა სახელით, გარკვეული პირები მართავენ კრებებს და საჯარო აქციებს ტელეკამერების წინ. გარდა იმისა, რომ მათი დესტრუქციული მოქმედება აფერხებს რეაბილიტაციის პროცესებს, სახეზეა დაუფარავი ბრძოლა მშენებარე ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ჯგუფს მხარს არ უჭერს ამხანაგობის წევრთა უმრავლესობა და ეს არა ერთხელ დაუდასტურეს მათ, ისინი, მაინც დაჟინებით, ზოგჯერ ქონების წართმევის მუქარებითაც , ითხოვენ ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებები გადავცეთ წარსულში ნარკოტიკის საზღვარზე შემოტანისთვის ნასამართლევ ქალბატონს, დალი ჩანტლაძეს! იმთავითვე ჩნდებოდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ამხანაგობის მართვის პრეტენდენტი ქალბატონები, დალი ჩანტლაძე, 76 წლის პენსიონერი ნათელა მაჭარაშვილი და დიასახლისი დარეჯან აბდალაძე, მარტო არ მოქმედებდნენ. ამ ადამიანებს არც წარსულში , არც ახლა არანაირი შეხება არ ქონიათ სამშენებლო საქმესთან, არ აქვთ არც ცოდნა, არც რესურსი და ბუნებრივია მათი დაჟინებული მცდელობა მართვის სადავეების ხელში ჩასაგდებად, გარდა იმ საფრთხისა, რომ მოგვაყენებდნენ დამატებით ზიანს, აჩენდა მათ დაუფარავ ინტერესს ენახათ რაიმე სარგებელლი ისედაც დაზარალებული ადამიანების პრობლემების ხარჯზე!

რამდენიმე დღის წინ, ამხანაგობის წევრებს ხელში ჩაგვივარდა დოკუმენტების მთელი დასტა, რამაც ნათელი მოჰფინა ზემოთაღნიშნულ ჯგუფთან დაკავშირებულ ყველა კითხვას, მათ მიზნებს და მოქმედების მოტივებს!
როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ეს ქალბატონები, მათ მიერვე შეცდომეში შეყვანილი ამხანაგობის წევრებისაგან მუდმივად ითხოვდნენ თანხებს სხვადასხვა გაურკვეველი საჭიროებებისთვის. ამ გზით მობილიზებული აქვთ ათიათასობით ლარი, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით და ფულის შეკრების ხელით შედგენილი სიებით! ეს თანხები დახარჯულია ისე, რომ არაფერი სასიკეთო ამხანაგობისთვის, ან მშენებლობისთვის არ გაკეთებულა! ამ დოკუმენტებით დასტურდება ჩვენი ეჭვები იმის თაობაზე, რომ მავანთათვის დაზარალებულების სახელით მოქმედება შემოსავლის წყაროდ იქცა!

გარდა ამისა, აღნიშნულ დოკუმენტებში არის სია, იმ ამხანაგობის წევრებისა, ვისაც უპირებდნენ ქონების ჩამორთმევას ან დამატებითი, სოლიდური თანხების მოთხოვნას! რაც ყველაზე საინტერესოა, ამხანაგობის წევრთა სიაში, არის მონიშნული გვარები მინაწერებით-,, დაიკითხოს“,,,დაიბარეთ“ ; ,,დაიკითხოს“ მკაცრად და ა. შ. ჩანს, რომ, ამ მონაწერების ავტორი დირექტივებს აძლევს საგამოძიებო ჯგუფს ზეწოლა მოახდინოს ამათუ იმ ამხანაგობის წევრზე!

მივმართავთ გენერალურ პროკურატურას, სამართალდამცავ ორგანოებს, საგულდაგულოდ შეისწავლონ აღნიშნული დოკუმენტები, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. გაირკვეს რაში დაიხარჯა აკრებილი თანხები, რატომ ან რა მიზეზით უპირებდა ქონების წართმევას სხვა ამხანაგობის წევრებს! გაირკვეს ასევე თუ ვის აძლევდა დირექტივებს ამხანაგობის წევრების დასაკითხად და ზეწოლის მოსახდენად ამ ჩანაწერების ავტორი!“,- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 4.5 პროცენტამდე ზრდის
შემდეგი სტატიაპეტრო პოროშენკო: ერთი ენა და ერთიანი უკრაინა რომელსაც ბოლომდე დავიცავთ