ოთარ დანელია ხელვაჩაურში პირველ ზუთხსაშენ საწარმოს ეწვია

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, აჭარის მთავრობის მეთაურ არჩილ ხაბაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ მახოში ზუთხსაშენ საწარმოს ეწვია.

კომპანია „იუნიფიშჯი“ ზუთხის სახვადასხვა სახეობის მოშენებით, ზუთხის ხორცის პროდუქტების და ზუთხის ხიზილალის წარმოებითაა დაკავებული. „იუნიფიშჯი“ აღნიშნული პროფილის პირველი საწარმოა საქართველოში. ხელვაჩაურის რაიონში კომპანიას 1077 მ3 მოცულობის ზუთხის სააუზე მეურნეობა და ხიზილალის გადამამუშავებელი საამქრო აქვს.

ოთარ დანელიამ აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად კომპანიის მიზნებსა და სამუშაო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და საწარმოს განვითარების პერსპექტივები განიხილა. კომპანია გეგმავს წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში განახორციელოს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეთევზეობის დარგის განვითარება. ევროპის ბაზარზე ქართულ აკვაკულტურას განსაკუთრებული პერსპექტივა აქვს. წარმოების ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად აღნიშნულ კომპანიას სახელმწიფო დაეხმარება. ჩვენთვის პრიორიტეტია დროულად მოხდეს სტანდარტების სრულყოფა, რათა საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს ბარიერი არ ჰქონდეს“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

აჭარის მთავრობის მეთაურის არჩილ ხაბაძის განცხადებით, რეგიონის განვითარებისთვის ახალი საწარმობის ამოქმედებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„აჭარა გამორჩეულია თევზის რეწვის კუთხით. მაღალმთიან აჭარაში განსაკუთრებული პირობებია თევზის მოშენებისთვის. აღნიშნული მეურნეობების განვითარება ხელს უწყობს ადგილობრივების დასაქმებასა და ინვესტიციების შემოდინებას. ჩვენთან ნაწარმოებ პროდუქციას აქვს პოტენციალი მოხვდეს ევროპის ბაზარზე“, – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომპანია შეყვანილია ხიზილალის მწარმოებელი და ექსპორტიორი საწარმოების CITES-ის საერთაშორისო რეესტრში.

„ჩვენმა კომპანიამ მიიღო ზუთხის წარმოების უფლება და სერთიფიცირება. მოგვეცა შესაძლებლობა შევიდეთ ევროპის 12 ქვეყნის ბაზარზე. პირველ რიგში უნგრეთის ბაზარზე შევიტანთ პროდუქციას. აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში ბუდაპეშტში გაიხსნება ქართულ-უნგრული სახლი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდას სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა მამუკა სხვიტარიძემ.

banner
წინა სტატიაში“თბილისი 2015”-ის გახსნის ცერემონიის ნახვა მსურველებს ვაკის პარკში დამონტაჟებულ მონიტორზეც შეეძლებათ
შემდეგი სტატიაშსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა