ოთარ დანელია სომეხ კოლეგას აჭარაში მასპინძლობს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სომეხ კოლეგას აჭარაში მასპინძლობს. როგორც “თაიმერს” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ოთარ დანელიას მოწვევით 16-19 აგვისტოს საქართველოში სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი სერგო კარაპეტიანი იმყოფება.
უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი სერგო კარაპეტიანი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ზაურ ფუტკარაძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ.
სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი პომიდვრისა და მარწყვის სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობები და ვარა-ხუცუბნის ტერიტორიაზე, ხეხილოვნებისა და ვაზის სადედე, საკოლექციო-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობა დაათვალიერეს. დღესვე, მინისტრებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დახურული ტიპის ზუთხის საწარმო შპს ,,იხტიოსი” დაათვალიერეს. მეურნეობა 3000 კვ.მ ფართობზეა განლაგებული. ტერიტორიაზე 24 ავზში 20 000 ცალი ზუთხია გაშვებული. საწარმომ წელს 42 ტონა თევზის რეალიზაცია განახორციელა.
ხვალ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი სერგო კარაპეტიანი პირისპირ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
იმავე დღეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი სერგო კარაპეტიანი კახეთის რეგიონსაც ესტუმრებიან. ოთარ დანელია სომეხ კოლეგას სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,მექანიზატორის” სერვისცენტრის მუშაობის პროცესს გააცნობს. მინისტრები მესაქონლეობის ფერმას შპს ,,ყვარლის ბაგას” და ღვინის მწარმოებელ საწარმოს ,,ქინძმარაულის მარანს” დაათვალიერებენ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული რიგითი სპეცრაზმელები პატიმრობიდან გათავისუფლდნენ
შემდეგი სტატია,,სოსანაშვილმა, რომელიც ტელევიზორს უყურებდა ვაზაგაშვილზე თანამშრომლებს უთხრა – ნახე, ამას რა მოუვაო”