ოთარ დანელია–თუ სადმე შევხვდებით გლეხებს, რომლებსაც ფასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ, ბუნებრივია გავესაუბრებით

OTAR DANELIAსოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კახეთში იმყოფება. როგორც დანელია აცხადებს, მას იმ გლეხებთან შეხვედრა სურდა, რომლებმაც დღეს ყურძნის ფასი გააპროტესტეს და აქცია გამართეს, თუმცა ისინი ადგილზე აღარ იყვნენ.
“ჩვენ ჩამოვედით, მაგრამ გლეხებს ვერ შევხვდით, რადგან ადგილზე აღარ არიან. ახლა ყვარელში მივდივართ, რომ ქარხნები დავათვალიეროთ და ვნახოთ, როგორ მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარების პროცესი. თუ სადმე შევხვდებით გლეხებს, რომლებსაც ფასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ, ბუნებრივია გავესაუბრებით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ადგილი აქვს მათ შეცდომაში შეყვანას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია და ეს ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით. პირველი – ეს არის სუბსიდირება, რომელიც ძალაში დავტოვეთ (35 თეთრი თეთრ ყურძენზე და 15 თეთრი შავ ყურძენზე). მეორე – ყველა რეგიონში მოწყობილია სპეციალური სარეალიზაციო პუნქტები, სადაც ყურძენს საკმაოდ მაღალი ფასები აქვს და გლეხებს შეუძლიათ ალტერნატივად ეს განიხილონ და მესამე – მზად ვართ ჩვენც ჩავიბაროთ ყურძენი იმ შემთხვევაში, თუ მას არ იბარებს კერძო სექტორი. ჩვენი ფასი არის იმაზე იაფი, ვიდრე საბაზრო ფასი, რადგან ჩვენ არ გვინდა ვიყოთ კერძო სექტორის კონკურენტი”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
მისივე შეფასებით, ყურძნის ფასთან დაკავშირებით გლეხების პროტესტი მართული პროცესია. “ფაქტი სახეზეა – ის, რაც მოხდა გუშინ და ხდებოდა დღეს, მე მგონი თვალსაჩინოა, რომ არის მართული პროცესი. ჩვენი სურვილია, გლეხები ვერავინ შეიყვანოს შეცდომაში და არ ჰქონდეს ამას სპეკულაციის სახე”, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
რაც შეეხება უშუალოდ კახეთში ყურძნის ჩაბარების პროცესს, ოთარ დანელიას ინფორმაციით, ის ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირთველთან დაკავშირებულმა პრობლემებმა კიდევ დაგვანახა, თუ რად იქცა ღვინის სამშობლო და როგორ ხელოვნურად ისპობა ის რაც ჩვენ არ მოგვიპოვებია
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო გურჯაანი-თელავის ავტომაგისტრალზე გამართული აქციისას დაკავებული პირების შესახებ კომენტარს აკეთებს