ნუკრი ქანთარია – მაინტერესებს, წარადგინა თუ არა სააკაშვილმა ჯანმრთელობის ცნობა, როდესაც უკრაინაში დაინიშნა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია

ნუკრი ქანთარია - მაინტერესებს, წარადგინა თუ არა სააკაშვილმა ჯანმრთელობის ცნობა, როდესაც უკრაინაში დაინიშნასაპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს ნუკრი ქანთარიას აინტერესებს, წარადგინა თუ არა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯანმრთელობის ცნობა, როდესაც ის უკრაინაში დაინიშნა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“დღეს გამოსვლა დაგეგმილი არ მქონდა, თუმცა გუშინ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” ლანძღვა-მუქარა ნარევმა ბოდვამ გადამაწყვეტინა, რომ დღეს შემდეგი განცხადება გავაკეთო – პირველ რიგში, ღრმა პატივისცემა მინდა დავადასტურო ერთიანი დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ და ამავე დროს, გამოვთქვა დიდი წუხული იმ მოვლენებზე, რომელიც უკრაინაში ხდება”, – განაცხადა ქანთარიამ.
მისივე თქმით, უკრაინა-საქართველოს მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ასპექტში ბოლო ხანს ჩნდება გარკვეული კითხვები, რომელიც, დეპუტატის აზრით, პასუხის გაცემას იმსახურებს.
“ეს შესაძლოა, ზოგს რიტორიკულ კითხვებად მოეჩვენოს, თუმცა კონკრეტიკას შეიცავს. პირველი – თუ არსებობს პრეცენდენტი, როდესაც მეგობარი, პარტნიორი ქვეყნის მიერ ძებნილი, დანაშაულში ეჭვმიტანილი პიროვნება ინიშნებოდეს მეგობარი ქვეყნის, ვგულისხმობ უკრაინაში, მაღალ თანამდებობაზე და უწყობს, თუ არა მსგავსი პრეცედენტი ხელს მეგობრობისა და პარტნიორობის გაღრმავებას. მეორე – უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი როდესაც უკრაინის დროშის ფონზე უკვე ღიად ლანძღვას მეგობარი ქვეყნის – საქართველოს ხელისუფლებას, ეს უნდა ჩაითვალოს თუ არა, საერთოდ უკრაინის ხელისუფლების პოზიციად და იმედი აქვს, რომ არა და თუ არა, მაშინ რატომ ბედავს პრეზიდენტის მრჩეველი თავისი პრეზიდენტის დაუკითხვად მსგავსი პოზიციის გამოხატვას. მესამე – როგორი რეაქცია ექნებოდა თავად უკრაინის მაღალ ხელისუფალს, რომ რომელიმე მეგობარ ქვეყანას მაღალ თანამდებობაზე ბატონი იანუკოვიჩი დაენიშნა და მას სწორედ მსგავსი პოზიციები დაეფიქსირებინა. მეოთხე – თვლიან თუ არა უკრაინის მაღალი ხელისუფლების პირები, რომ უკრაინის სახელისუფლებო წრეები იქცა “ნაცმოძრაობის” თავშესაფრად, მათ შორის, ძებნილებისაც და რამდენად შეუწყობს ეს ფაქტი ხელს სწორედ უკრაინის მაღალი ხელისუფლების პირების რეპუტაციის ამაღლებას საქართველოს მოსახლეობაში. ბოლო კითხვა არის ის – წარადგინა თუ არა სააკაშვილმა ჯანმრთელობის ცნობა, როდესაც ის სამსახურში დაინიშნა. თუ ამ კითხვებზე მოახერხებს იგივე “რუსთავი 2″ უკრაინის მაღალი ხელისუფლების პირებისგან პასუხების მიღებას, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება. სხვა მხრივ, უკრაინელ ხალხს მინდა მშვიდობა, გამძლეობა ვუსურვო და დავუდასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა”, – განაცხადა ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშისერგეი ლავროვის მორიგი მუქარა
შემდეგი სტატიაგია ცაგარეიშვილი – ქართული ოცნება” ცდილობს, სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლოს, ზურაბ აბაშიძის ჩანაცვლებას