“ნოვაია გაზეტა” უკრაინაში კრემლის მოქმედების 2014 წელს დაწერილ სცენარს აქვეყნებს

რუსული ინტერნეტგამოცემა “ნოვაია გაზეტა” აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც რეალურად, უკრაინაში კრემლის მოქმედების სცენარია.

დოკუმენტში ნაბიჯ-ნაბიჯ არის ასახული რუსეთის პოლიტიკური და პიარ-ლოგისტიკა, თუ როგორ უნდა ჩაერიოს რუსეთი უკრაინის საქმეებში და განახორციელოს ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ რეგიონების ოკუპაცია.
გამოცემის თანახმად, უკრაინაში ომის დაგეგმვისას კრემლში იმედოვნებდნენ ქვეყნის დაყოფას ყირიმიდან და ხარკოვის ოლქიდან და არა დონეცკიდან ადგილობრივი ბიზნეს-ელიტის მჭიდრო, საქმიანი და პოლიტიკური კავშირებიდან გამომდინარე, რომელსაც რ. ახმეტოვი ედგა სათავეში.

“რუსეთი უბრალოდ ვალდებულია ჩაერიოს ევროპული თანამეგობრობის გეოპოლიტიკურ ინტრიგაში, რომელიც მიმართულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. უპირველესად იმიტომ, რომ სხვაგვარად, ჩვენი ქვეყანა რისკის წინაშე დგას, დაკარგოს არა მხოლოდ ენერგომატარებლების უკრაინული ბაზარი, არამედ რაც ყველაზე საშიშია, უკრაინის საგაზო-სატრანსპორტო სისტემაზე ირიბი კონტროლიც”, – აღნიშნულია კრემლის დოკუმენტში.

ამ დოკუმენტის თანახმად, რუსეთი უნდა ჩარეულიყო მასობრივი დაუმორჩილებლობის აქციების ორგანიზებით და უკრაინის ფედერალიზაციის მოთხოვნით, ასევე, საბაჟო კავშირში აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონების გაერთიანების მოთხოვნით.
“ჯერ ერთი, იანუკოვიჩის რეჟიმი საბოლოოდ გაკოტრებულია. მის რუსეთის მხრიდან პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ფინანსურ, საინფორმაციო მხარდაჭერას აზრი აღარ აქვს”, – ნათქვამია “ნოვაია გაზეტას” მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ამ სცენარის თანახმად, დემონსტრანტების სამი უმთავრესი ლოზუნგი უნდა ყოფილიყო: დეცენტრალიზაცია (ან კონფედერაციაც კი), კიევისგან დამოუკიდებლად აღმოსავლეთ რეგიონების საბაჟო კავშირში გაწევრიანება და პირდაპირი სუვერენიზაცია რუსეთთან შემდგომი გაერთიანებით.

გამოცემის ცნობით, ამ დოკუმენტის მომზადებაში, სავარაუდოდ, მონაწილეობა შესაძლებელი იყო მიეღო ბიზნესმენ კონსტანტინ მალოფეევს. “ნოვაია გაზეტას” ინფორმაციით, ეს დოკუმენტი რუსეთის პრეზიდენტს გასული წლის 4-დან 12 თებერვლამდე პერიოდში, ჯერ კიდევ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის უკრაინიდან გაქცევამდე წარედგინა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვი ბაქოს მილიარდი დოლარის იარაღს აწვდის
შემდეგი სტატიასაქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ოპატიის მერთან შეხვედრა გამართა