ნოდარ ჯავახიშვილი შიშობს, რომ მთის კანონპროექტის განხილვას პარლამენტში სერიოზული წინააღმდეგობები შეხვდება

javaxishvili

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი შიშობს, რომ მთის კანონპროექტის განხილვას პარლამენტში სერიოზული წინააღმდეგობები შეხვდება. ამის შესახებ ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ ყველაზე სერიოზული ხაზი, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე გავიდა, მთის კანონის პროექტის საბოლოო შეჯერებაა. მისი თქმით, ამ კანონს დიდი ხანია ამუშავებდნენ და ახლა მიიყვანეს ბოლომდე.
“ახლა შევთანხმდით საბოლოო ვარიანტზე და ის შემდეგ უკვე წავა პარლამენტში, სადაც დაიწყება განხილვები. ვშიშობ, რომ იქ სერიოზული წინააღმდეგობები შეგვხდება, იმიტომ რომ პარლამენტარები უფრო მეტს მოითხოვენ, ვიდრე დღეს ქვეყანას შესაძლებობა აქვს მთაში მცხოვრებ ადამიანებს შეღავათები გაუწიონ. ჩვენ ვთვლით, რომ გაცილებით მეტია გასაკეთებელი, მაგრამ დღეს ბიუჯეტს არ ექნება ამდენი შესაძლებობა, თუმცა თვითონ ტენდენცია იქნება ასეთი რომ სამი წლის განმავლობაში შევა ეს კანონი ძალაში მთლიანად და თუ პირველ, 2016 წელს იქნება 12 მილიონი დამატებით გამოყოფილი მთაში მცხოვრები ადამიანებისთვის, შემდეგ ჯერზე ეს იქნება 30 და შემდეგ ხდება 50”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, გარდა ამ შეღავათებისა, რომელიც კანონის პროექტშია გაწერილია, მთის მოსახლოებისთვის ისედაც ბევრი რამ კეთდება, მათ შორის არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც იქ ხორციელდება და დღესაც მიმდინარეობს. თუმცა რაც შეეხება კონკრეტულად ამ კანონპროექტს, ჯავახიშვილის განცხადებით, ეს იქნება საპენსიო დანამატი 20%-ის ოდენობით მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის, მთაში მომუშავე ექიმებს და ექთნებს ექნებათ დანამატი. კერძოდ, ექიმები აიღებენ ორი პენსიის ოდენობას, ექთნები ერთი პენსიის ოდენობას, ასევე დანამატები ექნებათ პედაგოგებს და ა.შ.
რაც შეეხება ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, მან აღნიშნა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დასრულდა საქართველოს მთავრობაში და ეს არის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით გადადგმული სერიოზული ნაბიჯი, რომელიც კომპლექსური ღონისძიებების ნაკრებია. როგორც ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის როგორც საგადასახადო შეღავათები, ასევე საბიუჯეტო დახმარება.
“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს სერიოზულად შეუწყობს ხელს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას, იქ სამეწარმეო საქმიანობის აღორძინებას, მთა გახდება პირველ ეტაპზე თვითკმარი, იქ მოყვანილი პროდუქცია საკმარისი იქნება, ხოლო შემდეგ დარწმუნებული ვარ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით მოამარაგებს დანარჩენ საქართველოს”, – აღნიშნა ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნით მსოფლიო ბრენდები დაინტერესდნენ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი გაგრძელდება