ნოდარ ჯავახიშვილისთვის სამთავრობო პროგრამის დეტალები უცნობია

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნოდარ ჯავახიშვილისთვის განახლებული სამთავრობო პროგრამის დეტალები, რითაც პარამენტის წინაშე ირაკლი ღარიბაშვილი წარსდგება, უცნობია.
როგორც ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ სამთავრობო პროგრამა მისი უწყების მიმართულებასაც მოიცავს.
“მე შემიძლია გითხრათ ის, რომ სამთავრობო პროგრამაში ჩემი უწყების ნაწილზეც იქნება საუბარი. ეს არის 2015-2017 წლების ძირითადი მიმართულებები. დანარჩენი, რა საკითხებზე გამახვილდება სამთავრობო პროგრამაში ყურადღება ჩემთვის უცნობია. ალბათ, საუბარი იქნება ზოგადად შექმნილ ვითარებაზე და უახლოესი წლების ამოცანებზე”, – აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტებს, ჯავახიშვილის განმარტებით, შენარჩუნდება ყველა ის პოზიტიური საწყისი, რაც უწყებაში დახვდა.
“2015-2017 წლების გეგმა უკვე გაწერილია, მასში საუბარია, როგორც გზებზე ისე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჩვენი ამოცანაა აღებული ტემპი შევინარჩუნოთ და შესაძლებლობის ფარგლებში გავაღრმაოთ”, – აღნიშნა ჯავახიშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს, კონსტიტუციის შესაბამისად, განახლებულ სამთავრობო პროგრამას წარუდგენს. მთავრობის ადმინისტრაციაში სამთავრობო პროგრამის დეტალებზე არ საუბრობენ.

banner
წინა სტატიაშივახტანგ კაპანაძე: ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს სადარაჯოზე
შემდეგი სტატიაპრესის თავისუფლების მხრივ საქართველო ისევ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიცხვშია