ნოდარ ხადური: ბატონმა ზურაბმა მორალური პასუხისმგებლობა აიღო და დატოვა თანამდებობა

ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ახალკაციშვილმა მორალური პასუხისმგებლობა აიღო და თანამდებობა დატოვა. ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი უწყების მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის ზურაბ ახალკაციშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას.
კითხვაზე, რამდენად არის კანონდარღვევა მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მიღება, როგორც ნოდარ ხადურმა განმარტა, კანონი ამას არ კრძალავს და ზურაბ ახალკაციშვილს კანონი არ დაურღვევია.
“მინდა გითხრათ, რომ კანონი ამას არ კრძალავს და ბატონ ზურაბს კანონი არ დაურღვევია. მოგეხსენებათ, რომ მომსახურების სააგენტოს, გარდა ინტერნეტაუქციონისა, აქვს ჩვეულებრივი მაღაზიები, სადაც შესაძლებელია, რომ ადამიანი მივიდეს და შეიძინოს. მე ერთს გეტყვით, რომ ის ავტომანქანა, რომელიც ბატონმა ზურაბმა შეიძინა, ჩვეულებრივი ვაჭრობის შედეგად გაიყიდა საბაზრო ფასად, 42 ბიჯი იყო დადებული, ანუ ეს არ ყოფილა ჩაკეტილი აუქციონი და ა.შ.”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანონი არ დარღვეულა, თუმცა ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ ზურაბ ახალკაციშვილმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
“კანონი არ დარღვეულა, თუმცა ბატონმა ზურაბმა, ჩემი აზრით, მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, მორალური პასუხისმგებლობა აიღო და მან დატოვა თანამდებობა”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ახალკაციშვილმა თანამდებობა დატოვა. ახალკაციშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ამის მიზეზები განმარტა. განცხადების თანახმად, ამის მიზეზი მედიაში გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის მიხედვით მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მხრიდან კანონის შესაძლო დარღვევას ჰქონდა ადგილი. ზურაბ ახალკაციშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა თანამდებობას ტოვებს, რადგან სააგენტოს ჩრდილი არ მიადგეს.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევრაზიულ კავშირში არიან გაწევრიანებული და ეს ხელს არ გვიშლის”
შემდეგი სტატიაალექსანდრე ლუკაშენკო: არასდროს ვყოფილვარ თბილისში და ფაქტობრივად, არ ვყოფილვარ საქართველოში, გარდა სოხუმისა