ნინო გვენეტაძე: ქვეყანას აქვს რეალური შანსი, რომ მიიღოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება

ქვეყანას აქვს რეალური შანსი რომ მიიღოს მართლაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება და ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ , – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამშრომლებთან წარდგენისას უზენაეს სასამართლოში განაცხადა.

გვენეტაძემ თანამშრომლებს მიმართა, რომ მათი ძალისხმევით და მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის იდეა.

“ყველა თქვენგანი თავს უნდა გრძნობდეს დამოუკიდებლად, რათა ხელისუფლების განცხადებებმა ან არასწორად ფორმირებულმა საზოგადოებრივმა აზრმა არ მოახდინოს თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენა. სასამართლო დამოუკიდებლობა და საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება არის ის უმთავრესი მიზანი, რომლისთვისაც თქვენ იღწვოდით და ჩემთან ერთად, ერთიანი ძალისხმევით მოგვიწევს ამაზე ფიქრი. ქვეყანას აქვს რეალური შანსი, რომ მიიღოს მართლაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება და ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს კედლები მისთვის უცხო არ არის.

“მე გავიარე სამოსამართლეო უფლებამოსილების პერიოდი, ასევე განვლე ბრძოლის გზა, რომელმაც თქვენთან დამაბრუნა. თქვენი პატივისცემით და თქვენდამი დიდი სიყვარულით დიდ მადლობას მოვახსენებ ბატონ კოტეს წარმარტებული სურვილებისთვის, შევეცდები ხალხის ნდობა, საზოგადოების მოლოდინი სიმართლის დასადგენად, სამართლიანობის დასამკვიდრებლად, თქვენთან ერთად განვახორციელო”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: ეტყობა, ჯანსაღად ვერ არიან
შემდეგი სტატიაზესტაფონში ყაჩაღური თავდასხმისას მამაკაცი დაჭრეს