ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნას “საფრთხის შემცველად” არ მიიჩნევს

კაბელების საქმის მოსამართლე დავით ჯუღელი ზეწოლაზე საუბრობს და თავშესაფარს ითხოვს დღეს, 22:43

პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნას “საფრთხის შემცველად” არ მიიჩნევს.
როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე, შესაბამის შეკითხვაზე საუბარისას განაცხადა, მთავარია, მოსამართლეები იყვნენ ერთ გუნდად შეკრულნი და გააჩნდეთ უნარ-ჩვევები მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად,
“მე არ ვფიქრობ, რომ მოსამართლეთა 3-წლიანი, გამოსაცდელი ვადით დანიშვნა რაიმე საფრთხის შემცველია. თუ მოსამართლეები იქნებიან ერთ გუნდად გაერთიანებულნი და თუ მათ აღმოაჩნდებათ უნარები მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად, გამოსაცდელი ვადა ვერ შექმნის რაიმე საფრთხეს, მაგრამ თუკი ამ კუთხით პრობლემა მაინც გამოიკვეთება, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოსამართლემ კი არ იბრძოლოს და სასამართლო კორპუსმა ზურგი აქციოს, არამედ პირიქით – მთელი კორპუსი დაირაზმოს მოსამართლის უფლებების დასაცავად, სანიმუშო უნარები და მაღალი პროფესიული დონე გამოამჟღავნოს, რომ ის არ დათმობს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტს”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
აღნიშნულ კონტექსტში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის თქმით, პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში ის კანონმდებლობაში ჩადებული შესაბამის მუხლს დაიცავს, თუმცა “თუ კანონს ხარვეზები აღმოაჩნდება”, მისი შეცვლისთვის იბრძოლებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძე გუშინ დაასახელა. მოქმედ თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს ვადა 23 თებერვალს ეწურება.

banner
წინა სტატიაშიკენიელი მრბოლელი ფინიშთან ოთხით მივიდა
შემდეგი სტატია“რუსეთსა და დეფაქტო სამხრეთ ოსეთს შორის ხელშეკრულება არალეგიტიმურია,” – თამარ ბერუჩაშვილი