ნიკა გვარამია დაკავების შემთხვევაში მოვალეობის შემსრულებლად ზაალ უდუმაშვილს ტოვებს

ზაალ უდუმაშვილი:ჩვენ ველოდებით სხვა სახის დარტყმებსაც

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მზადაა გამოძიებას უთხრას ყველაფერი, რაც მისთვის ცნობილია.
როგორც გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის დაკითხვაზე დაბარების საკითხზე საუბრისას განაცხადა, თავადაც, მისი პოზიციაცაა, რომ თუ ვინმეს სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება უნდა, ის უნდა დაისაჯოს.
“დღეს დაბარებული ვარ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე. რა თქმა უნდა, მე მივცემ ყველა ჩვენებას, რომელიც ჩემთვის ცნობილია. მე ვიცი, რას ნიშნავს ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება. მე თავად ვიყავი ამ შეთქმულების მსხვერპლი 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და ჩემი ოჯახი მნიშვნელოვნად დაზარალდა ამის გამო. მე თავად ვიყავი სახელმწიფოს წარმომადგენელი მაშინ, როცა 2007 წელს საქართველოში იგეგმებოდა სახელმწიფო შეთქმულება და გადატრიალება. ვიცი რას ნიშნავს სახელმწიფო უწყების წარმომადგენლისთვის სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ ყოფნა. მე პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს მუშაობს სახელმწიფო უწყებებში და აკეთებს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. თუ ვინმეს ამ ქვეყანაში უნდა სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ის უნდა დაისაჯოს აუცილებლად, ყოველთვის, ამ მთავრობის, თუ სხვა ნებისმიერი მთავრობის დროს, იმიტომ რომ ხელისუფლება ქვეყანაში ეს არის ხალხის მიერ არჩეული ძალა და ხელისუფლების დამხობა ეს არის ხალხის ნების წინააღმდეგ მიმართული სვლა, ოღონდ თავად ხელისუფლებასაც უნდა ახსოვდეს, რომ ის პასუხისმგებელია ხალხის წინაშე და ხალხის წინააღმდეგ სვლა მისთვისაც არის დანაშაულებრივი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
აღნიშნულის კონტექსტში, მან სამართალდამცავ სტრუქტურებს მოუწოდა, მოექცეს სამართლის ჩარჩოებში და არ გახდეს კონკრეტული ბრძანებების აღმსრულებელი.
“მოვუწოდებ ყველა საგამოძიებო და ძალოვან სტრუქტურას, მოექცეს სამართლის მოთხოვნის ჩარჩოებში, ნუ გახდება კონკრეტული პირების ბრძანებების აღმსრულებელი და ნუ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს. ეს არის მათი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი მკაცრად აგებენ კანონის წინაშე პასუხს და წარსდგებიან სასამართლოს წინაშე”, – აღნიშნა “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა.
გვარამიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დღეს საგამოძიებო უწყებაში “დარჩება”, ტელეკომპანიაში მის მოვალეობას ზაალ უდუმაშვილი შეასრულებს.
“საჯაროდ ვაცხადებ, იმ შემთხვევაში თუ მე ვრჩები დღეს საგამოძიებო უწყებაში და ყოფილა ასეთი შემთხვევა, როდესაც შევედი და ვერ გამოვედი, ჩემს მოვალეობას შეასრულებს ჩემი პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი. ოღონდ არავის არ გქონდეთ იმედი, რომ ჩემი გასვლით და ზალიკოს დარჩენით რაიმე შეიცვლება. ჩვენ ბოლომდე ვიდგებით კომპანიის ინტერესების სადარაჯოზე. არაფერი თქვენი განზრახვებიდან, ძვირფასო საქართველოს ხელისუფლება, არ გამოვა. “რუსთავი 2″ ჩვენია”, – აღნიშნა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიჩიორა თაქთაქიშვილი: “ღარიბაშვილო, ჩოკუტაევი და ჰაკიმ ფაშა მოგვიკითხე!”
შემდეგი სტატიანიკა გვარამია და გიგა ბოკერია სუს-ში დაკითხვაზე გამოცხადდნენ