“ნაციონალურმა მოძრაობამ” საპატრულო პოლიციის თანამშრომლისა და მოქალაქის საუბრის ამსახველი ორი ვიდეომასალა გაავრცელა (ვიდეო)

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება

ხდება დაბრუნება შევარდნაძის დროინდელ პრაქტიკაში, როცა მოქალაქეები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი, პირადი ნაცნობობით აგვარებენ პრობლემას, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომელმაც მედიას საპატრულო პოლიციის თანამშრომლისა და ერთ-ერთი მოქალაქის საუბრის ამსახველი ორი ვიდეომასალა წარუდგინა.
ჯაფარიძის ინფორმაციით, ვიდეომასალაში მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი, რომელმაც საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, პირადი კონტაქტების საშუალებით ცდილობს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ადმინისტრაციული ჯარიმა არ გამოაწერინოს. ამასთან, ის უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს პატრულის თანამშრომლებს.
“წარმოგიდგენთ ორი ეპიზოდს, სადაც ასახულია მოქალაქე, რომელმაც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და მისი ურთიერთობა საპატრულო პოლიციასთან. ორივე შემთხვევაში ნათლად ჩანს ამ მოქალაქის უხეში დამოკიდებულება პატრულის თანამშრომლების მიმართ. გარდა ამისა, ჩანს, რომ მოქალაქე თავისი პირადი კონტაქტების საშუალებით ცდილობს მოაგვაროს კანონთან მიმართებაში არსებული პრობლემა, კერძოდ ის ამასთან დაკავშირებით უკავშირდება თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსსა და მის მოადგილეს. ამ კადრებიდან ძალიან ნათლად ჩანს, რომ სახეზეა სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა. ნათელია, რომ ხდება დაბრუნება შევარდნაძის დროინდელ პრაქტიკაში, როცა მოქალაქეები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი კანონის წინაშე, პრობლემას პირადი ნაცნობობით აგვარებენ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა მიმართა შესაბამის საგამოძიებო სტრუქტურებს, რომ სასწრაფოდ მოხდეს ამ საქმის გამოძიება.
ამასთან, ჯაფარიძის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ის თანამშრომელი, რომელსაც აღნიშნული მოქალაქე ერთ-ერთ ვიდეოში უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
“ის გაათავისუფლეს თანამდებობიდან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ასრულებდა კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ის უნდა აღდეს სამსახურში და გამოძიების შედეგად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობა და ჩაიდინეს დანაშაული”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიგენერალური შტაბის უფროსი თავდაცვის ატაშეებს შეხვდა
შემდეგი სტატიაბაღდათის გამგებელს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ