“ნაციონალური მოძრაობა” – 2016 წელს პენსიების 50 ლარით ზრდა შესაძლებელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ 2016 წელს პენსიების 50 ლარით ზრდა შესაძლებელია. როგორც პარტიაში აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის მეოთხე წლის დაწყება ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისით, ლარის გაუფასურებით, სამუშაო ადგილების დაკარგვითა და ხალხის გაღარიბებით აღინიშნება.
“ქართული ოცნების” დაპირებები კომუნალურ გადასახადებზე ტარიფების გაიაფების, უფასო გრძელვადიანი კრედიტების და არნახული ეკონომიკური ზრდის შესახებ, უბრალოდ, ტყუილი აღმოჩნდა. შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის მიზეზი არასწორი, მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკაა, რომელსაც ივანიშვილის მთავრობა მისდევს.
რომ არა ივანიშვილისა და მისი ბიუროკრატიის სიხარბე და სურვილი, ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით შექმნილი ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრება მოიწყონ, არსებულ ვითარებაშიც კი შესაძლებელი იქნებოდა საბიუჯეტო სახსრების გამოყენება საზოგადოების ყველაზე გაჭირვებული ფენების მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და გაჭირვებულ ფენას პენსიონერები მიეკუთვნებიან, რომელთაც ეკონომიკურმა კრიზისმა და ფასების ინფლაციამ ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა. 10%-ით არის გაზრდილი ფასები მედიკამენტებსა და ჯანდაცვაზე, 7%-ით – კომუნალურ გადასახადებზე. ასეთ პირობებში პენსიის არგაზრდა პენსიონერთა დიდი ნაწილის სიღატაკისთვის გაწირვას ნიშნავს.
გასათვალისწინებელია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრომ საარსებო შემწეობა მოუხსნა 30,000 პენსიონერს, რომელთაგან ნახევარზე მეტი მარტოხელაა და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
იმავე პერიოდში, ბოლო 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუროკრატიის პრემიებსა და დანამატებზე 400 მლნ ლარამდეა დახარჯული მაშინ, როცა პენსიის 50 ლარით გაზრდას 420 მლნ ლარი სჭირდება.
რომ არა ბიუროკრატიის “გამოსაკვებად” გათვლილი უამრავი არაფრისმომცემი პროგრამა, რომელიც ბიუჯეტშია ჩადებული და რომელიც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორია, “ქართული ოცნების” მიერვე წარმოდგენილ 2016 წლის ბიუჯეტში შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს პენსიის 50-ლარიანი ზრდა.
ამისათვის საჭიროა ბიუროკრატიის შემცირება, უსარგებლო პროექტების დაფინანსების შეწყვეტა, საყოველთაო დაფინანსებიდან მიზნობრივი ჯგუფების დაფინანსებაზე გადასვლა. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ გავხადოთ სახელმწიფო ბიუჯეტის სოციალური ნაწილი მიზნობრივ ჯგუფებზე ორიენტირებული”, – აცხადებენ “ნაციონალურ მოძრაობაში”.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანმა “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა
შემდეგი სტატიაოთარ დანელია: ბევრ მიმართულებაში პრაქტიკულად ნულიდან მოგვიწია დარგის განვითარება