“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას რეფორმების გატარებისთვის საჭირო არც კომპეტენცია აქვს და არც პოლიტიკური ნება. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:
“როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს რეიტინგი გააუარესა – BB- პოზიტიურიდან, რეიტინგი შეიცვლა BB- სტაბილურად
ჩვენ გვინდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე თუ რა მოლოდინებია გაცხადებული fitch-ის მიერ საქართველოს წლევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობასთან მიმართებაში:
Fitch ელის, რომ წელს:
· საქართველოს სავალუტო რეზერვები 2.5 თვის იმპორტის ზღვარს ქვემოთ
· ექსპროტი შემცირდება 20%-ით
· მიმდინარე ანგარიშიც დეფიციტი გაიზრდება მშპ-ს 9-დან 14%-მდე
· წმინდა საგარეო ვალი გაიზრდება მშპ-ს 58-დან 80%-მდე
· ეკონომიკური ზრდა შემცირდება 2%-მდე
· ერთ სულ მოსახლეზე მშპ შემცირდება 3,623 დოლარიდან 2,923 დოლარამდე (700 დოლარით ნაკლები)
· ეს ნიშნავს რომ მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ დაახლოებით შემცირდება 7,666 დოლარიდან 6,209 დოლარამდე (1,456 დოლარით ნაკლები)
· ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება 3.5%-მდე
· მთავრობის ვალი გაიზრდება 43%-ზე ზემოთ
როგორც ვხედავთ, წელს მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. ჩვენ ამის შესახებ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2 წლის წინ – რომ თუ არ მოხდებოდა გაუაზრებელი ცვლილებები ეკონომიკურ პოლიტიკაში, ეს აუცილებლად დასრულდებოდა უარყოფითი შედეგებით საქართველოს მოქალაქეებისთვის. სამწუხაროდ დღეს ამას უკვე აცხადებს და ადასტურებს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო. დღეს ჩვენ ვხედავთ რომ ხელისუფლება კვლავ იმყოფება სირაქლემას პოზიციაში და კოსმეტიკური ქმედებებით ცდილობს შექმნილი ვითარების გადაფარვას. საჭიროა ბევრად რადიკალური ნაბიჯების გადადგმა: გადასახადების შემცირება, მთავრობის ხარჯების შემცირება და რეგულაციების გაუქმება. თუმცა, ამ ხელისუფლებას მსგავსი რეფორმების გატარებისთვის საჭირო არც კომპეტენცია აქვს და არც პოლიტიკური ნება. ამიტომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს”,– აღნიშნულია განცხადებაში.